„ქართული ოცნება” „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან მოითხოვს, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, „ოცნება“ მაქსიმალურად შეეცადა, ISFED-ისთვის რეპუტაციული ზიანი აერიდებინა.
„რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში, ე.წ. PVT-ში. გუშინ, ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ, ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, ყველაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია, მთელი ამ დროის განმავლობაში, ვითარების კრიზისში შეყვანას ყოველდღიურად ცდილობდა, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც, დამეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია.
მაქსიმალურად შევეცადეთ, ISFED-ისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი“, – აცხადებსკობახიძე.
მისივე თქმით, PVT-ის გადამოწმების მსგავსად, ამ ხარვეზის გადამოწმებასა და შესაბამისი უბნების მონაცემების გამოქვეყნებასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება.
“იმედი გვაქვს, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ მონაცემების გასაჯაროებასა და უხეში ხარვეზის აღიარებას ისინი 3-4 კვირას არ მოანდომებენ. ორგანიზაციის დონორებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით”, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ხომ არაა იმის შესაძლებლომა, რომ ამ ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, კობახიძე პასუხობს:
„ცოტა დელიკატრი თემაა რადგან საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას და კიდევ უფრო დელიკატურია საქმე იმის გამო, რომ საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელშიც არის ჩადებული ამერიკელი და ევროპელი გადამხდელის ფული. თუ რაიმე გამოძიებაზეა საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ასეთი სისხლის სამართლის გამოძიება, უნდა ჩატარდეს, მინიმუმ, ამერიკული მხარის ჩართულობით“ – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ოცნება“ ნებისმიერი დისკუსიისთვის მზადაა.
მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა:
„მოლაპარაკებებზე პროგრესი იყო, მაგრამ რადიკალურმა ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა. მათ უნდოდათ, რომ პირველ სხდომამდე ჩაეშალათ მოლაპარაკებები. ამას სამწუხაროდ მიაღწიეს, თუმცა ვფიქრობ, რომ რესურსი არსებობს მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის. პირდაპირ მისწერეს ელჩებს, რომ არ უნდოდათ მოლაპარაკებებზე მოსვლა. ისინი თავიანთ მოთხოვნას, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, აფუძნებდნენ არჩევნების გაყალბების მტკიცებაზე. ეს იყო საბაბი. ისინი საკუთარ მოთხოვნებს აფუძნებდნენ არჩევნების გაყალბებაზე საუბრით, ამ დროს ჩვენ ვაცხადებთ, რომ გადათვალონ ნებისმიერი ოლქის მონაცემი და თუ მინიმალური გადაცდომა დაფიქსირდება, მაშინვე ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ეს იყო მათი მთავარი მოთხოვნა, რაც ეფუძნებოდა გაყალბების მტკიცებას. ამის მერე როდესაც მაგიდას აყირავებ, ეს საბაბია და მეტი არაფერი. როდესაც ასეთი ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას, ეს არის უმძიმესი. როგორ აყენებენ ისინი შეურაცხყოფას ჩვენს მეგობარ ელჩებს, თავს გვჭრიან მსოფლიო მასშტაბით“, – ამბობს კობახიძე.