კინოხელოვნების ამერიკული აკადემიის პრეზიდენტი შერილ ბუნ აიზეკსი იმედგაცრუებულია, რადგან „ოსკარის“ პრემიაზე წელსაც მხოლოდ თეთრკანიანი მსახიობები არიან წარდგენილი, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აფროამერიკელი აიზეკსის აზრით, ეს ასახავს კინოაკადემიაში არსებულ სიტუაციას, სადაც აუცილებელია რეფორმების ჩატარება.
„უახლოეს კვირებში გადავხედავთ საკადრო პოლიტიკას, რომ შევიტანოთ მრავალფეროვნება, რაც ასე საჭიროა ჩვენთვის,“ – განაცხადა აიზეკსმა „როიტერთან“ საუბრისას.
„ოსკარზე“ ნომინირებულთა სიამ, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, შავკანიან მსახიობთა უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა მათგანმა მოუწოდა ვარსკვლავებს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ „ოსკარისთვის“. „ტვიტერზე“ უკვე პოპულარული გახდა ჰეშთეგი #OscarSoWhite (ოსკარი ძალიან თეთრია).
უკვე მეორე წელია, ნომინირებულებს შორის შავკანიანი მსახიობი არ არის. თუმცა წელს ბოიკოტს მხარი პირველად დაუჭირეს ცნობილმა მსახიობებმა, მათ შორის რეჟისორმა სპაიკ ლიმ და უილ სმიტის ცოლმა ჯადა პინკეტ-სმიტმა.