LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ფილმი მიიღებს ოსკარს?! –  გააკეთეთ თქვენი ფსონი და გაეცანით კინოკრიტიკოსთა რჩეულებს

924
ოსკარი

ყველა, ვინც „ოსკარის“ ისტორიას და მის სპეციფიკას იცნობს, თანხმდება, რომ წელს წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, უდავოდ ფავორიტია, კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“. ატომური ბომბის შემქმნელის ისტორია, რომელიც ნოლანმა მსახიობ კილიან მერფის დახმარებით გააცოცხლა, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კინოსურათია. ამ ფილმის მოგების შანსი კრიტიკოსთა აზრით, 87 პროცენტია, რაც სხვა ნომინანტებს, დიდი უპირატესობით უსწრებს.

მეორე ადგილზე გავიდა იორგოს ლანთიმოსის ფილმი Poor Things, სადაც მთავარ როლს ემა სთოუნი ასრულებს. მისი მოგების შანსებს ოსკარებზე, 11 პროცენტამდე აფასებენ, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ფილმის სიუჟეტის ცენტრში ვიქტორიანული ლონდონია, სადაც ექსცენტრული ქირურგი გოდევინი გამაოგნებელ ექსპერიმენტს ატარებს. ის გადაწყვეტს, გააცოცხლოს ახალგაზრდა ორსული ქალი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქირურგი ქალს მისი არდაბადებული შვილის ტვინს გადაუნერგავს და ახლადდაბადებული ბელაც, თოჯინას მოგაგონებთ, რომელიც ყველაფერს თავიდან სწავლობს.

ამას მოსდევს საშობაო დრამატული ფილმი „დატოვებულები“, რომლის რეჟისორია ალექსანდრე პეინი.

უნდა ითქვას, რომ წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, „ბარბი“ „ოსკარების“ მომგებთა სიაში, მხოლოდ მეორე პოზიციაზეა.

სხვათა შორის, „ოსკარი“ შესაძლოა მიიღოს ჟუსტინ ტრიეს ფილმმაც „ვარდნის ანატომია“, რომელიც უკვე გახდა „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი. ფილმი პოპულარულ მწერალ ქალზეა, რომელიც ქმრის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ხდება, ხოლო ამბის ერთადერთი მოწმე, უნარშეზღუდული პატარა ბიჭია.

მარტინ სკორსეზეც ახალი ფილმი „ყვავილის მთვარის მკვლელები“, „ოსკარის“ მოგების პრეტენდენტებს შორის მხოლოდ მეექვსე ადგილზეა. მიუხედავად მარტინ სკორსეზესა და ლეონარდო დიკაპრიოს საოცარი კოლაბორაციისა.

ასეთივე ბედი ერგო ფილმს „მაესტრო“, რომელიც ბრედლი კუპერმა გადაიღო და სადაც მთავარი როლიც შეასრულა. ფილმი ამერიკელი დირიჟორის ლეონარდ ბერსტაინის ისტორიას გვიყვება და ჯამში, ის „ოსკარის“ 7 ნომინაციაზეა წარდგენილი.

„ოსკარის“ 5 ნომინაცია ერგო სატირულ კომედიას „ამერიკული საკითხავი“, რომელიც ფერადკანიან მწერალზე გვიყვება, რომელსაც გამომცემლების მოსატყუებლად, ფსევდონიმით უწევს რომანების წერა და ასე იქმნება გადასარევი ბესტსელერიც.

ოსკარზე ნომინირებულ ფილმებს შორის ასევე მოხვდა ჯონათან გლეიზერის  „ინტერესების ზონა“, რომელიც კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ეს გახლავთ მწერალ მარტინ ემისის რომანის ეკრანიზაცია, რომელიც ოსვენციმის კომენდანტის ისტორიას გვიყვება.

და ბოლოს ფილმი „წინა ცხოვრება“, რომელიც სელინ სონის სადებიუტო ნამუშევარია. ფილმი ემიგრანტ კორეელ გოგონაზე გვიყვება, რომელიც ამერიკაში დამკვიდრების მრავალწლიან გზას გადის და მოულოდნელად, ცხოვრების პირველ სიყვარულს ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები