LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია: ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას არ გამოუყენებიათ ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად

139
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში, უმრავლესობაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში არ გამოუყენებიათ ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ 2022 წლის მაისში ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან, ხოლო დეკემბერში მერიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოების მხრიდან მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობის შესახებ.

მისი თქმით, ირკვევა, რომ ზუგდიდის საკრებულოს მსგავსი სახის საქმიანობა არ განუხორციელებია, ხოლო რუსთავის საკრებულოს საერთოდ არ შეუქმნია მსგავსი ტიპის სარევიზიო კომისია, მაშინ, როცა ორივე საკრებულოში უმრავლესობას სწორედ ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ.

„ყველანი ვხედავთ დიდი ხანია, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკანონო, ძალადობრივ და ცინიკურ მეთოდებითან ერთად, ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს იმ არგუმენტს თავის პროპაგანდაში, რომ ამ რეჟიმის ოპონენტებს და მთელ ოპოზიციას შეუძლია მხოლოდ რეჟიმზე თავდასხმა და არ აქვს უნარი, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ანუ არ შეუძლია მოქმედება. რაც მთავარია, ამ პროპაგანდისას ის ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთ საერთოში ზელს და ამ ყველაფერს ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს არქმევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ცალკეული ოპოზიციური პარტიები.

მინდა, შეგახსენოთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთლიანად, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მისი პარტნიორები, იქნება ეს „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ სხვები, დღემდე უარს აცხადებენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი დატოვონ და თავის დროზეც, კრიტიკულ მომენტში ეს არ გააკეთეს.

ამავდროულად, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ იქ ვერაფერს ვერ აკეთებენ, რადგან ამ რეჟიმის უმრავლესობა მათ არ აძლევთ ეფექტურ ინსტრუმენტებს, რომ აკონტროლონ ხელისუფლება და განახორციელონ ის ფუნქციები, რაც უნდა ჰქონდეს საპარლამენტო ოპოზიციას.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ იქცევიან ის ოპოზიციური პარტიები, სადაც ამომრჩევლების ნებით მათ მოიპოვეს უმრავლესობა საკრებულოებში. დარღვევების, ძალადობის ფაქტების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების წყალობით არის სულ ორი საკრებულო დარჩენილი, სადაც უმრავლესობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას„ და გახარიას პარტიას.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, როგორ იქცევიან ისინი ასეთ შემთხვევაში, სადაც უმრავლესობა გააჩნიათ. დგამენ თუ არა იმ მინიმალურ ნაბიჯებს, რომელსაც ვერ დგამენ მაგალითად პარლამენტში, სადაც მაინც რჩებიან.

ამ თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ უმძიმესი სურათი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების სრული უგულებელყოფა და საკუთარი მოვალეობების არ შესრულება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, აუცილებელია, რომ საკრებულოებში სარევიზიო კომისია იქნებოდეს და მერიების მუშაობას ზედამხედველობას უწევდეს.

„ამ ორ საკრებულოში მართვის ბერკეტები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას პარტიის ერთობას აქვს, ხოლო „ქართული ოცნება“ არის ოპოზიციაში. ამ ორ საკრებულოში არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმისა, თუ რატომ ვერ მუშაობს ეფექტურად საკრებულო, არა ოპოზიცია, არა დეპუტატები, არამედ საკრებულო, იმიტომ, რომ ამ ორ საკრებულოში საკრებულოს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას გაერთიანება წარმოადგენს,“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

magti 5g