LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ერთ კვირაში, ბინა სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს გადაეცა: დევნილთა სააგნტო

663
1

დევნილთა სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა “ქართლში” მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ასევე, იძულებით გადაადგილებულმა 7-მა ოჯახმა, განსახლების ალტერნატიული მოდელი აირჩია და თავად მოიძიეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის.

“ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა.

აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც დევნილთა სააგენტში აცხადებენ, აქტიურად მუშაობენ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა ოჯახისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის საკითხზე და მათ განსახლების ორ გზას სთავაზობენ:

• დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომლის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში;

• დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

დევნილთა სააგენტში ამბობენ, რომ დევნილი ოჯახების ნაწილმა უკვე დაიწყო აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა.