საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესისა და უნეტარესს, ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა.
„თქვენო უწმინდესობავ, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი ანგელოზის დღე. გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა. მინდა, მივულოცო წმინდა სინოდს, მივულოცო სრულიად საქართველოს და აქ მყოფ საზოგადოებას ეს მშვენიერი დღე. მინდა, ასევე, ყველას სახელით, დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენი ღვაწლისთვის. ჩვენ მოგვყვებით იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც ასევე არის წმინდა ილია მართლის გზა. საქართველოსთვის ეს გზა ყოველთვის რთული იყო. ვიცით, რომ ალბათ კიდევ ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს გადასალახი, მაგრამ ჩვენ თქვენ გამო გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოგყვებით ამ გზაზე. გამოგყვებით ბოლომდე ამ გზაზე, რომელიც მიდის საქართველოს გამთლიანებამდე. კიდევ ერთხელ, გისურვებთ მრავალ წელს. თქვენ ჩვენ გვჭირდებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ილიაობასთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.