სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიასპორის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელიც ამ დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ წაიკითხა.
„ყველას გულითადად მოგესალმებით, განსაკუთრებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითია და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად.
არაერთხელ მითქვამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა. ამიტომაც უნდა ეცადოთ თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად, ეცადოთ თქვენც და თქვენი შვილებიც ღვთის რწმენაში განმტკიცდეთ, არ მოსწყდეთ წინაპართა ფესვებს და, ძალისამებრ თქვენისა, ხელი შეუწყვეთ საქართველოს წარმოჩენას თქვენს გარემოში.
დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გამოდის და თქვენც თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ადგილზე, თქვენი, თუნდაც მცირედი, წვლილი შეიტანეთ მის საკეთილდღეოდ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს თავისი წარმომადგენლობები უცხოეთში და ჩვენი სასულიერო პირები ცდილობენ თქვენს გვერდში დგომას, ცდილობენ მრევლში ერთობის სულის განმტკიცებას.
მათი შრომის შედეგია, რომ დღეისთვის 22 სამრევლო გვყავს საფრანგეთში, 25 იტალიაში, 10 ესპანეთში, 4 შვეიცარიაში, 20 გერმანიასა და ავსტრიაში. 8 სამრევლო ბელგიასა და ჰოლანდიაში, 21 სამრევლო ამერიკასა და კანადაში, სამრევლოები ასევე ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, პორტუგალიასა და მალტაში. ასე რომ, ეკლესია თქვენს გვერდითაა და თქვენი ჯვრის მტვირთველობაში შეგეწევათ.
მინდა თითოეული თქვენგანი დავლოცო და ღვთისა და სამშობლოს ერთგული მსახურება გისურვოთ. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.