LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის გავლენა ტურიზმზე: როგორ შესძინა ნორვეგიას მილიონობით მოგზაური ჰოლანდმა და ვიკინგების ტრენდმა

112
ერლინგ ჰოლანდი

შეუძლია თუ არა სპორტულ წარმატებას ტურიზმის წახალისება და ქვეყნისთვის რეალური ეკონომიკური სარგებლის მოტანა? ნორვეგიის მაგალითი ადასტურებს, რომ ეს შესაძლებელია: ფეხბურთში წლევანდელმა მსოფლიო ჩემპიონატმა გაზარდა არა მხოლოდ სოციალური მედიის ყურადღება ქვეყნის მიმართ, არამედ – ნორვეგიაში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობაც.

Google-ის მონაცემებით, საძიებო ველში სიტყვის „Norway“ აკრეფის ინტენსივობა გლობალურად 300%-ით, ტურისტული პლატფორმის Kiwi.com ანალიზის მიხედვით კი, მაგალითად, პოლონეთიდან ნორვეგიის მიმართულებით ავიაბილეთების ძიება 32.3%-ით გაიზარდა. პარალელურად, Airbnb-ზე ნორვეგიაში საცხოვრებლის ძიებამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით მოიმატა.

ერლინგ ჰოლანდი – მილიონობით ტურისტის მაგნიტი

ნორვეგიის იმიჯურ წარმატებაში მთავარი როლი ეროვნულმა ნაკრებმა და მისმა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა ითამაშა. მედიის მონიტორინგის ინსტიტუტის (IMM) მონაცემებით, ტურნირის განმავლობაში ჰოლანდის Instagram-ის გამომწერების რაოდენობა 31.9 მილიონით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელებს შორის.

ექსპერტთა შეფასებით, წარმატების გასაღები ჰოლანდის კომუნიკაციის სტილი აღმოჩნდა: დადგმული, პროფესიონალური კადრების ნაცვლად, იგი აქვეყნებდა მოკლე, უშუალო ვიდეოებს ნაკრების ბანაკიდან, ყოველდღიურ ეპიზოდებსა და იუმორისტულ კონტენტს. იუმორმა და ავთენტურობამ მისი ვიდეოების ვირუსულად გავრცელებას შეუწყო ხელი.

ვიკინგების ტრენდი და სტადიონების ენერგია

სოციალური ქსელების მეორე ჰიტი ნორვეგიელი გულშემატკივრები გახდნენ. სტადიონის ტრიბუნებზე ათასობით ქომაგის მიერ ვიკინგი ნიჩბოსნის განსახირება ტურნირის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ეს ტრენდი მალევე გასცდა სტადიონებს და ქალაქის ქუჩებსა, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაინაცვლა.

ამას დაემატა ნაკრების ვიზუალური იდენტობაც: ნორდიკული რუნების სტილში შესრულებული მაისურის ნომრები, წითელი ფერი და ვიკინგური სიმბოლიკა.

სპორტის გავლენა მომხმარებელთა გადაწყვეტილებებზე

ნორვეგიისადმი ინტერესის პიკი 11 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც ნაკრები მეოთხედფინალში ინგლისს დაუპირისპირდა. ანალიტიკოსების თქმით, ონლაინ აქტივობა პირდაპირ აისახა რეალურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე – საძიებო სისტემებსა და ვიკიპედიაში აქტივობა თვალნათლივ გამოჩნდა Airbnb-ისა და ავიაკომპანიების ბიზნეს მონაცემებში.

ნორვეგიის შემთხვევა აჩვენებს, რომ თანამედროვე მასშტაბური სპორტული მოვლენები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში მოედანზე. გულშემატკივრების ემოციების, სოციალური მედიისა და ავთენტური გმირების სწორად გამოყენებით, ქვეყნის, როგორც ბრენდის ეფექტურად გაძლიერება და ტურიზმის სტიმულირებაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები