LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორდო: უქმეები ღვინის დედაქალაქში

1175
bordo

ბორდო (საფრანგეთი) – ნიჭიერი არქიტექტორების და რესტორატორების წყალობით, რომლებიც ინტენსიურად აგებენ ფუტურისტულ შენობებს და ხსნიან მოდურ ბისტროებს, ულამაზესმა ქალაქმა მდინარე გარონზე მეორე სიცოცხლე შეიძინა და ძველი პოპულარობაც დაიბრუნა.

მთავარი ღირსშესანიშნაობები 

გაზაფხული მართლაც საუკეთესო სეზონია ბორდოს ახლოს გასაცნობად, მით უფრო, რომ აკვიტანიის დედაქალაქის ისტორიული ცენტრის ფეხით მოვლა სულ რამდენიმე საათში შეიძლება. მარშრუტი გოთიკური ტაძრის Saint-Michel რაონიდან დაიწყეთ, სადაც უქმეებზე ანტიკვარული ბაზრობა ეწყობა უნიკალური ექსპონატებით, ყოფილი სამეფო მოედანის გაშენება ლუდოვიკ XV-ს ტახტზე ასვლას მიეძღვნა, არქიტექტურული ანსამბლის დათვალიერება კი, სანაპიროდან შეგიძლიათ, სადაც საოცარ „წყლის სარკეში“ ქალაქის ულამაზესი მოედანი აირეკლება. Place de la Comédie-ს პომპეზურობას Grand Hótel და ნეოკლასიკური სტილის ოპერის თეატრი მატებს, საიდანაც სულ რამდენიმე მეტრში ევროპის ყველაზე დიდი, 12 ჰექტარზე გადაჭიმული მოედანი Quinconces-ია. აუცილებლად მოინახულეთ Notre Dame-ის კვარტალი თავისი ანტიკვარული მაღაზიებით, ბუტიკებით,  არტ-გალერეებით და ადგილობრივი მოდის მოყვარულთა ფავორიტი ბუტიკი Graduate, Rue du Pas-Saint-Georges-ის ქუჩაზე.

ღვინო და ხელოვნება 

ღვინის მსოფლიო დედაქალაქის ტიტულს ბორდო გიგანტური შემინული მუზეუმით La Cité du Vin ადასტურებს Port de la Lune-ს სანაპიროზე, რომელიც ღვინის უმსხვილეს მუზეუმად ითლება ევროპაში. „შუშის გოლიათი“, რომლის დიზაინი არქიტექტორებს ანუკ ლეჟანდრს და ნიკოლა დესმაზირესს ბოკალში ღვინის მოძრაობის ტრაექტორიამ შთააგონა, მუზეუმს, კინოთეატრს და ბიბლიოთეკას აერთიანებს ვირტუალური ატრაქციონით, რომელიც მსურველებს მეღვინის ხომალდით მოგზაურობას და რა თქმა უნდა, ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს. დელაკრუას, ვან დეიკის და რუბენსის შედევრების დასათვალიერებლად, რომელთა შეგროვებას წლები შესწირა ქალაქის ქველმოქმედმა არისტოკრატიამ, გამომსახველობითი ხელოვნების მუზეუმს ეწვიეთ როანის სასახლეში, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა ნახვა კი, მარცვლეულის ყოფილ საწყობში მოწყობილ მუზეუმში შეიძლება, რომლის კოლექცია თანამედრიოვე ფრანგი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს.

გასტრონომია 

მართალია, დახვეწილი ლიონის, კრეატიული პარიზისა და გურმანების რჩეული პროვანსის ფონზე ბორდო ყოველთვის მოკრძალებულად გამოიყურებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ტურისტების აქტიურობით წახალისებულმა რესტორატორებმა სრულად აანაზღაურეს დანაკლისი პროგრესული რესტორნებისა და ხამანწკების ბარების გახსით. განსაკუთრებული პოპულარობით რესტორნებს შორის მყუდრო Le Petit Bois სარგებლობს 18 Rue du Chai des Farines-ს ქუჩაზე, სადაც ვახშმის მოწყობა და ღვინის ბოკალით ხელში ულამაზეს ბორდოსთან დამშვიდობება შეიძლება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g