ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია, რუსეთის ატომური მუქარების მიუხედავად.
„ომი ახალ ფაზაში შევიდა. უდავოდ, სახიფათო ფაზაა, ვინაიდან საშინელ სცენარს ვხედავთ, რომელზედაც თვალები არ უნდა დავხუჭოთ. ეს ატომური სახელმწიფოს მონაწილეობით ჩვეულებრივი ომის სცენარია, ატომური სახელმწიფოს, რომელიც ამ მომენტში ჩვეულებრივ სცენარს შორდება და ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება. ეს მართლაც შემაშფოთებელი სცენარია, რომელშიც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია”, – თქვა ბორელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინი “გენერალ ზამთრის” მოსვლას ელოდება, რომელიც საბოლოო ჯამში ყოველთვის შველოდა რუსულ არმიას და აღნიშნა, რომ ომი არ შეიძლება დასავლეთის დაღლილობის გამო დასრულდეს, ვინაიდან ზუსტად ამას ელის პუტინი.
„ის ელოდება სიცივეს, გაზის მიწოდების შეფერხებებს, მაღალ ფასებსა და დაბალ ტემპერატურას, რათა შეარყიოს ჩვენი ნება მომავალშიც გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. აქ მიზანშეწონილი იქნება ვთხოვოთ ევროპელებს გაიგონ რაზეა საუბარი”, – აღნიშნა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
ბორელის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უბრალო გულუხვობის საკითხი არ არის, ვინაიდან „იქ რაც გადაწყდება, ჩვენი მომავალიც იქნება”.
