LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ წუთისთვის, არ არსებობს არც სამხედრო და არც პოლიტიკური ამოცანა, რომლის რეალიზაციაშიც პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენება დაეხმარება, თუმცა…” – მუქარა, შანტაჟი თუ რეალური საფრთხე 

445
პუტინ 23

უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე, უსაფრთხოების ექსპერტები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ.

ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნატო შიშობს, რომ, შესაძლოა, რუსეთმა უპილოტო წყალქვეშა აპარატი, ე.წ. „პოსეიდონი“ გამოცადოს.

ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ წერს და აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ნატოს დაზვერვა მოკავშირეებს აფრთხილებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, 2022 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, ასეთი ინფორმაცია ნატოს ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა.

The Sun-ის   ინფორმაციით კი კრემლის ლიდერს გადაწყვეტილი აქვს ატომური იარაღი წყნარ ოკეანეში გამოიყენოს.

რამდენად რეალურია საფრთხე, რამდენად შესაძლებელია, რომ პუტინი წავიდეს ნაბიჯზე, რომლის შედეგების გამოსწორებას ვეღარავინ შეძლებს, თემაზე „ფორტუნა“ უსაფრთხოების სპეციალისტს ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

 

 

„ The Sun, სადაც აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა, ადრეც შემჩნეული იყო რუსული პროპაგანდისტული სტატიების გამოქვეყნებით. ამასთან, ზოგიერთ სხვა არცთუ მყარი რეპუტაციის უცხოურ მედიაშიც გამოქვეყნდა ინფორმაცია რუსეთის მზაობაზე გამოიყენოს ბირთვული იარაღი – წყალქვეშა ნავით და ცუნამით დაწყებული, ბირთვული მატარებლით და კიბოთი დაავადებული პუტინის მზადყოფნით დასრულებული.

კონსულტაციების გარეშე მიღებულ ბრძანებას შემსრულებელიც სჭირდება, ასე რომ, პუტინს ამის განზრახვა რომ ჰქონდეს, მისი სისრულეში მოყვანა გაძნელდება. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული კამპანია ერთ მიზანს ემსახურება, დათესოს შიში და ბირთვული შანტაჟით დაიყოლიოს დასავლეთი, შეაჩეროს უკრაინის შეტევა და გაუფორმოს კრემლს მიტაცებული ტერიტორიები.

დასავლეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, პასუხს მიიღებს, რაც შესაძლოა მისი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანი ნაწილის განადგურებაც იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე რუსეთი არ წავა.

ამ წუთისთვის, არ არსებობს არც სამხედრო და არც პოლიტიკური ამოცანა, რომლის რეალიზაციაშიც პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენება დაეხმარება, თუმცა ბირთვული მუქარით იგი ცდილობს გატეხოს დასავლეთის ერთიანობა, შეაჩეროს უკრაინის იარაღით მომარაგება და ზამთრამდე შეინარჩუნოს პოზიციები, რომ მერე ენერგოკრიზისის ფონზე სცადოს დასავლეთთან მოლაპარაკებები.

შესაძლებელია, რუსეთმა გამოცადოს ბირთვული იარაღი, გადაისროლოს ის სენსიტიურ ზონებში და გააჩინოს ბირთვული იარაღის გამოყენების განცდა. ეს იქნება მესიჯი, რომ თუ მას არ „დაუმტკიცებენ“ ანექსირებულ ტერიტორიებს, რაც უკრაინაში დაიკავა, ევროპა გაზისა და ნავთობის გარეშე დარჩება. ზოგადად, ბირთვული ომის ზღვარზე ბალანსირება რუსული აგრესიული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია,“ – ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.

კითხვაზე, თუ მაინც გამოიყენა ბირთვული იარაღი რუსეთმა და მაინცდამაინც წყნარ ოკეანეში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ანდრო გოცირიძე, პასუხობს, რომ გაუგებარია, წყნარ ოკეანეში ვის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი.

 

 

„არათუ გამოყენება, ნებისმიერი შეუთანხმებელი გამოცდაც კი გამოიწვევს როგორც ამერიკის ასევე იაპონიისა და ჩინეთის მკვეთრ რეაქციას და რუსეთს ეს არაფერში აწყობს.

პუტინმა რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ამის ძალიან დაბალი შანსი არსებობს. თუმცა ახლა რუსეთი უკრაინაში პოზიციებს კარგავს და პუტინს სჭირდება, რომ მოჩვენებითი, “პოტიომკინის” გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთოს, იმისთვის, რომ უბრალოდ გადარჩეს.

შესაძლებელია, რუსეთმა გამოცადოს ბირთვული იარაღი და არ გამოიყენებს და ეს იქნება მესიჯი, რომ თუ მას არ ექნება ის ტერიტორიები, რაც უკრაინაში დაიკავა, ევროპა გაზისა და ნავთობის გარეშე დარჩება“. – ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.

ექსპერტის თქმით, იმედია, ამ სცენარით არ განვითარდება მოვლენები და თუ მაინც მოხდა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება, საქართველომ სტრატეგიულად სწორად უნდა იმოქმედოს და ასეთ დროს მაქსიმალური ინტეგრაცია და უსაფრთხოების დასავლური ქოლგა არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვრისკენ „ბირთვული მატარებლის“ გაგზავნის ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „თაიმსმა“ გააავრცელა.

გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებს, აჩვენოს თავისი მზადყოფნა, გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით.

გამოცემის თანახმად, მატარებელი, რომელიც შენიშნეს ცენტრალურ რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ დირექტორატთან და ის არის „პასუხისმგებელი ბირთვულ საბრძოლო მასალაზე, მათ შენახვაზე, მოვლა-პატრონობაზე, ტრანსპორტირებასა და დანაყოფებისთვის გაცემაზე.“

როგორც მედია წერს, ნატომ სავარაუდოდ გააფრთხილა თავისი წევრები.

 

 

უცხოური მედია, ასევე ბევრს წერს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბირთვული იარაღის გამოყენება მოხდა:

სამწუხაროდ იდეალური დაცვა ასეთ დროს პრაქტიკულად შეუძლებელია თუ რადიაციის დაფარვის ზონაში აღმოჩნდით..

  • მთავარია, სანახაობამ არ გაგიტაცოთ და კაშკაშა სინათლის წყაროს არ შეხედოთ, ეს იწვევს შეუქცევად სიბრმავეს.
  • შენობაში შესვლისას გამოვიცვალოთ ტანსაცმელი, დაუცველი კანი ჩამოვიბანოთ.
  • აუცილებლად უნდა დარჩეთ სახლში. სასურველია სარდაფში, შორს გარეთა კედლების და ფანჯრებისგან.
  • გაქცევის მიზნით ქუჩაში არ დარჩეთ.
  • უფრო უსაფრთხოა ბეტონის ნაგებობა, სარდაფი ან შუაგული ნაწილი.
  • უნდა მოვერიდოთ ფანჯარასთან, კარებთან ან გარე კედელთან კონტაქტს.
  • ადამიანებთან, რომლებიც აფეთქების მომენტში ჩვენთან არ იყვნენ სჯობს დავიცვათ 2მ დისტანცია, ხოლო მათთან ერთად თავშესაფარში მოხვედრისას გამოვიყენოთ ნიღაბი.
  • ეცადეთ, დარჩეთ სახლში 24 საათი აფეთქებიდან (თუ ადგილობრივი უწყებები სხვას არ მიგითითებენ). ხელისუფლება ამ დროს იძლევა ინსტრუქტაჟს საფრთხის დონის და შემდგომი მოქმედებების შესახებ.
ფოტო სლაიდზე უკრაინსკაია პრავდა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g