LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი სტუმრებს ახალ ტურისტულ მარშრუტს სთავაზობს

83
140417024117bf66

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი სტუმრებს ახალ ტურისტულ მარშრუტს სთავაზობს. 32 კილომეტრის სიგრძის პანორამული ბილიკიდან, რომელიც სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოსა და სოფელ ნეძვს აკავშირებს, ნეძვის აღკვეთილისა და მდინარე მტკვრის პანორამული ხედები იშლება. ტურისტები ასევე მოინახულებენ ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის თამარის ციხეს, რომელიც მე-9-მე-10 საუკუნეებით თარიღდება.

ახალი ტურისტული ბილიკი აღჭურვილია ეკოტურიზმისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საერთაშორისო მარკერებით, თანამედროვე კემპინგითა და ტურისტებისთვის განკუთვნილი კოტეჯით.

ბილიკის მოწყობა განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელშეწყობით. პროექტის ბიუჯეტმა 230,000 ლარი შეადგინა. ნეძვის ტურისტული ბილიკის მოიწყობა წარმოადგენს უფრო ფართო პროგრამის ნაწილს, რომელიც საქართველოს თორმეტი მსხვილი დაცული ტერიტორიის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას ემსახურება.

8 ივნისს, ნეძვის ტურისტული ბილიკი მოინახულეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ და CNF-ის ხელმძღვანელმა თობიას მიუნხმაიერმა.

,,ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ნეძვის აღკვეთილში ახალი საინტერესო საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, რომელიც ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზეა და დააინტერესებს ბევრ ვიზიტორს, ვისაც ეკოტურიზმი და ჩვენი ქვეყნის სილამაზის ხილვა სურს. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დაცულ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტულ ბილიკებს ჩაუტარდა. სამინისტრო მიმდინარე წელსაც მუშაობს ბილიკების რეაბილიტაციასა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი სამი წლის განმავლობაში კი, დაცულ ტერიტორიებზე, 1200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტული ბილიკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„პანდემიის დროს შემოღებულმა გადაადგილების შეზღუდვებმა და ტურიზმის შეფერხებამ გარკვეული გარემოსდაცვითი სარგებელი მოგვიტანა. შემცირდა ეკოსისტემებზე, მაგალითად მდინარეებსა და ტყეზე, არსებული წნეხი. ტურიზმის დაბრუნებასთან ერთად, დროა ვიზრუნოთ მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებაზე, რომელიც სიკეთეს მოუტანს როგორც ეკონომიკასა და ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე გარემოს“, – აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

ცნობისთვის, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას. UNDP-ის დახმარება ხორცილდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების ძირითადი მიმართულებებია დაცული ტერიტორიების განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, რეინჯერების განათლებისა და სათანადო აღჭურვის ხელშეწყობა, ეკო-ტურიზმის განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის, მაგალითად, ბილიკებისა და საინფორმაციო ცენტრების მოწყობა, და საზოგადოების ინფორმირება დაცული ტერიტორიების  შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g