„შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული,“ – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბორჯომის ხეობაში არსებულ მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხანძრის გამო წარმოქმნილი ყველაზე კრიზისული დღეები უკან დარჩა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცალკეული წერტილოვანი კერების გამოვლინება მომდევნო დღეებში გამორიცხული არ არის, თუმცა, ამისთვის სამაშველო სამსახურები მზადყოფნაში არიან.
“შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო, წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, საგანგებო შტაბი მომდევნო დღეებშიც გააგრძელებს მუშაობას. ტექნიკა იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ ასეთი წერტილოვანი კერები ოპერატიულად იქნას ჩამქრალი”.
გიორგი კვირიკაშვილმა ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ბორჯომში ებრძოდა სტიქიას. პრემიერმა ბორჯომის ხეობა უკვე დატოვა, საგანგებო შტაბი მუშაობას გააგრძელებს. ხვალ დილიდან დარჩენილი კერების ჩაქრობას 2500 ქვეითი პირი გააგრძელებს.
წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში, სულ მცირე, 100 ჰექტარი ტყის მასივია დამწვარი.