ბორჯომის ხეობის ხანძრის ლიკვიდაციაში დღეიდან სამხედროები ერთვებიან. აღმოსავლეთ სარდლობის ათასამდე ჯარისკაცი სოფელ დაბის ტერიტორიაზე დილის 06:00 საათზე შევიდა.
პარალელურად, კვლავ განაახლა დილიდან მუშაობა ავიაციამ. დილით მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, მორიგი თათბირიც გაიმართა საგანგებო შტაბში.
„დადგა საჭიროება უფრო მეტი ცოცხალი ძალის. ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი. 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთის სარდლობის და მათთან ერთად და აქამდე ვინც მუშაობდა, ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა, როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სოფელ არდაგანის სასაფლაოს ტერიტორია, სადაც გუშინ საღამოს კვლავ გაძლიერდა ხანძარი და სასაფლაოს კიდევ უფრო მიუახლოვდა, არის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, სადაც დღეს დაქრობითი სამუშაოების კონცენტრირება მოხდება.