ჯგუფ „რონდოს“ წევრი, ლელა ოთარაშვილი „ფეისბუქზე“ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ის გუშინდელი ქარიშხლის დროს სამ შვილთან ერთად ბორჯომში იმყოფებოდა და გუშინდელ ღამეს დიდ სტრესს უწოდებს.
„ჩემო ძვირფასებო, მაპატიეთ, რომ თავი არ მაქვს სათითაოდ გიპასუხოთ. ჯერ კიდევ ვერ გამოვდივართ გუშინდელი საშინელი საღამოს სტრესიდან, რაც ბორჯომში ხდებოდა. მე ჩემი სამი შვილით ვიბრძოდი გადასარჩენად. ეს იყო ენით აღუწერელი ბუნებრივი კატასტროფა. საშინელი ქარიშხალი ქვების სეტყვით, რასაც ბოლო არ უჩანდა. 30-40 წუთის განმავლობაში არ ჩერდებოდა, პირიქით, უფრო და უფრო ძლიერდებოდა. გუშინ კარგი ამინდი იყო და ბორჯომის ცენტრალურ პარკში ძალიან ბევრი ხალხი იყო. უცბად რომ დაიწყო ეს საშინელება მთელი ხალხი გასასვლელისკენ დაიძრა. ფიზიკურად სწრაფად ვეღარ გამოვდიოდით პარკიდან ბავშვები რომ გადამერჩინა.
დავაღწიეთ თუ არა პარკს თავი, შენობამდე ვერც მივაღწიეთ, ისეთი საშინელება დაიწყო და შევეფარეთ ლუდის კაფის ერთ-ერთ ქოლგას და სწორედ იქ დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ახლაც ვტირი, ამ ყველაფერს რომ ვიხსენებ. როგორღაც 20 წუთი გავუძელით საშინელ ქარიშხალს, ქვებს… მუხლამდე წყალს… დასასრული არ უჩანდა ამ ყველაფერს…
მაპატიეთ, ქსენოფობიაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ორ მეტრში მდებარე შენობის ფანჯრებიდან სხვა ეროვნების დამსვენებლები მშვიდი სახით იყურებოდნენ ფანჯრებიდან. ხედავდნენ, როგორ ვიბრძოდით სიცოცხლისთვის, ალბათ, „უჯიშო“ ყველა ეროვნებაშია.
დავიწყე ისტერიკული ყვირილი ფანჯრები გახსენით-მეთქი, თან იმ საშინელ ქვების ხმაურში ვერც ვაგებინებდი და ღმერთმა გაახაროთ ქართველი ახალგაზრდები, საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოიქცნენ ჩვენს დასახმარებლად. მახსოვს ერთი მიყვიროდა, ბავშვები ამ ქვებში როგორ გავიყვანოთო, მაგრამ ისეთი განწირული სახით ვყვიროდი, ეგრევე დასტაცეს ბავშვებს ხელი და სათითაოდ გადაიყვანეს შენობაში. ვბრაზობ პატრულზე, სამაშველო სამსახურზე, სასწრაფოზე. რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს ასეთი კატაკლიზმის დროს ხალხის გადასარჩენად რომ დროულად გამოიყვანონ ბავშვები. სიტყვებით ვერც გადმოვცემ, იქ რა საშინელება ხდებოდა…“ – წერს ლელა სოციალურ ქსელში.