დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბრები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, შემდეგი წლის დასაწყისში, იანვრის თვეში, საქართველოს პოპულარული რიტმ ენდ ბლუზის შემსრულებელი ჯგუფი „Boys II Men“ ესტუმროს. 1990-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო და კომერციულად წარმატებული ჯგუფი ამ მხრივ „ბილბორდის“ ოთხეულში შედის. ჯგუფში ამჯერად სამი წევრია, რომლებიც შესაძლოა, „საქართველოს ბანკის“ „სოლოს“ მუსიკალური საღამოების ფარგლებში ეწვიონ საქართველოს.
„სოლომ“ საკუთარ გვერდზე ახლახან გამოაქვეყნა პოსტერი, სადაც ორი ჯგუფი და ერთი შემსრულებელია გამოსახული და გვთავაზობენ გამოვიცნოთ, ვინ იქნება მათი შემდეგი სტუმარი. „Boys II Men“-თან ერთად პოსტერზე არიან „Earth, Wind and Fire“ და დაიანა კინგი.
ჯერჯერობით კომპანიაში არ ადასტურებენ, რომ თბილისში „Boys II Men“ ჩამოჰყავთ. „საქართველოს ბანკში“ გვითხრეს, რომ არტისტის ვინაობა დაახლოებით ათ დღეში გახდება ცნობილი.