„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ , რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სამართალდამცველების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების მონიტორინგს ახორციელებს, 20 ივნისის საქმეზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტზე შეთნახმების მიუხედავად, ჯერ კიდევ კითხვის ქვეშ დგას საკითხი, თუ კონკრეტულად ვისზე გავრცელდება ამნისტია. ორგანიზაციის თქმით, ორ ბრალდებულ პოლიციელზე სასამართლო სხდომები ამ დრომდე არ ჩატარებულა ერთზე კი სხდომა რამდენჯერმე ჩაინიშნა,თუმცა ყველა ჯერზე გადაიდო.
“საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე სამართალდამცველების სავარაუდო დანაშაულები. დღევანდელი მოცემულობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 სპეცრაზმელის – ლევან იმერლიშვილის, გიორგი ესიაშვილის და მინდია ამბარდნიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს. ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის თებერვლიდან სამივე სასამართლო პროცესს აკვირდება.
ლევან იმერლიშვილს, გიორგი ესიაშვილს და მინდია ამბარდნიშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს – „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“.- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მონიტორინგის მიმდინარეობისას ლევან იმერლიშვილის და მინდია ამბარდნიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე სასამართლო სხდომები არ ჩატარებულა. ლევან იმერლიშვილის საქმეზე სხდომა რამდენჯერმე ჩაინიშნა, მაგრამ ყოველ ჯერზე გადაიდო. რაც შეეხება გიორგი ესიაშვილს, მონიტორინგის მიმდინარეობისას 4 სასამართლო სხდომა ჩატარდა, რომელსაც სასამართლო მონიტორი დააკვირდა.
ყოფილი სპეცრაზმელები ლევან იმერლიშვილი, გიორგი ესიაშვილი და მინდია ამბარდნიშვილი 2019 წლის ზაფხულში დააკავეს. გარკვეული პერიოდი ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის კი მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ლევან იმერიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად დასახელდა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც სასამართლომ გაიზიარა და ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გიორგი ესიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 17 სექტემბერს დაიწყო. ვინაიდან საქმის განმხილველი მოსამართლე შეიცვალა, სსსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ხელახლა დაიწყო.
2021 წლის 18 მარტს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს, დაცვის მხარის შუამდგომლობით დაერთო განცხადება, რომელიც ეხება დაზარალებულთა (მოცემულ საქმეზე არსებობს ორი დაზარალებული) და ბრალდებულის შერიგებას, ბრალდებულის მხრიდან ზიანის სრულად ანაზღაურების ფაქტს. განცხადების თანახმად, დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ პრეტენზია ამ საქმესთან დაკავშირებით და მიესალმებიან ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
2021 წლის 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ესიაშვილის მიმართ გამოყენებული დამატებითი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე. დამატებითი ღონისძიების სახედ გამოყენებული იყო საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და მისი თანხმობის გარეშე საცხოვრებელი სახლის დატოვების უფლებისა და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება.
გიორგი ესიაშვილი სრულად იზიარებს მის მიმართა წარდგენილ ბრალდებას. მედიის ინფორმაციით, ბრალს ასევე აღიარებს ლევან იმერლიშვილიც, ხოლო მინდია ამბარდნიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლებამოსილება არ გადაუმეტებია და არც ამნისტია სჭირდება, რადგან ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.