LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრავო რექორდსმა“ მსმენელს ახალი აფხაზურენოვანი ალბომი წარუდგინა, სადაც აფხაზეთში პოპულარულ ჰიტებს ქართველი შემსრულებლები ასრულებენ

724
ბრავო რექორდსი

„ბრავო რექორდსის“ ახალი და განსაკუთრებული აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომი ხმის ჩამწერმა სტუდიამ მედიას და საზოგადოებას ახლახან წარუდგინა. ალბომის სახელწოდებაა „ერთ სიმღერას ვმღერით“, რომლის პრეზენტაცია „აფხაზეთობის დღისადმი“ მიძღვნილი საღამოს ფარგლებში 11 ივნისს, ვახტანგ სალარიძის დარბაზში შედგა.

წელს პირველად აფხაზეთის დღის აღნიშვნა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ასევე, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მათ თანატოლებს მიეძღვნა.

საღამოზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ და პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, გურამ ოდიშარიამ.

პრეზენტაციაზე ალბომში შესული აფხაზური მუსიკალური კომპოზიციები ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკალური ჰიტები შეარჩიეს და გადაამუშავეს, შეიქმნა ახლებურად გააზრებული არანჟირებები. სიმღერების ვოკალური ნაწილი აფხაზურ ენაზე პოპულარულმა ახალგაზრდა ქართველმა მომღერლებმა ჩაწერეს.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს: ნუცა თოფურიამ, ია ჯგერენაიამ, ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ, გიორგი ცხადაძემ, დუეტმა „ჯორჯია“, სოფო გელოვანმა და გიორგი სუხიტაშვილმა, თიკა მახალდიანმა, სოფო ხალვაშმა, ანსამბლმა „ოდა“, მილენა აჟიბამ და ნინო პაპავამ, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადა“.

ალბომში შესულია 10 თანამედროვე აფხაზური პოპ-ჰიტი და ერთი ავთენტური აფხაზური ხალხური სიმღერა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, ჟურნალ „სითისა“ და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ალბომში შესული სიმღერების არანჟირებაზე იმუშავეს, საქართველოში ყველაზე ცნობილმა არანჟირების სპეციალისტებმა: ბორიკო შხიანი, მამუკა (პეკე) ბეგაშვილი, ცირა ბზიშვილი და ზაზა ხუბუკელაშვილი.

აღნიშნულ ალბომს თან ახლავს ორენოვანი, სამახსოვრო ბრუშურა აფხაზურ და ქართულ ენებზე, სადაც შესულია იმ ცნობილი ადამიანების ემოციური მოგონებები, რომელთაც თავიანთი განვლილი ცხოვრებით, ან შემოქმედებით გარკვეული ემოციური ბმა ჰქონდათ აფხაზეთთან, მათ შორის არიან: კინორეჟისორები – ლანა ღოღობერიძე (Lana Gogoberidze) და გიორგი ოვაშვილი, მწერლები: გურამ ოდიშარია და ანზორ კუდბა, მომღერალი – ნათია თოდუა, მსახიობი – სალომე დემურია, ჟურნალისტები – ეკა ხოფერია და ეკა წივწივაძე და ასევე „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი – ზაზა შენგელია.

მუსიკალური პროექტი არაკომერციულია, თუმცა საქართველოს საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ახლად შექმნილი ორგანიზაცია IPOA-ს მიერ მოხდება ალბომში შესული აფხაზი კომპოზიტორებისა და ტექსტის ავტორებისათვის სიმღერების ოფიციალური დალიცენზირება.

პროექტზე მუშაობისას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჟურნალისტსა და აფხაზური ენის თარჯიმანს ირმა ოსიას.

ალბომის დიზაინი ეკუთვნის მხატვარსა და დიზაინერს სანდრო ჩხაიძეს.

ალბომში შესული სიმღერების ჩაწერაზე, მიქსინგზე და მასტერინგზე იმუშავა „ბრავო რექორდსის“ მთავარმა ხმის ინჟინერმა, ალეკო ბერძენიშვილმა.

„ბრავო რექორდსის“ გუნდი დიდ მადლობას უხდის პროექტის მხარდამჭერებს: რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და ჟურნალ „სითის“.

პროექტის იდეის ავტორი: ზაზა შენგელია

პროდიუსერი: თათა ქრისტესაშვილი

პროდიუსერის ასისტენტი: ელისო ციხელაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები