LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა თბილისის მერობისთვის – სამი ოპოზიციური კანდიდატის დაპირებების რეზიუმე

არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და პოლიტიკური ძალებიც გააქტიურდნენ.  განსაკუთრებულ ინტერესს კი თბილისის მერობისთვის კანდიდატების დაპირისპირება იწვევს, ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც დედაქალაქთან  დაკავშირებით არსებობს.

თბილისის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. სახელისუფლებო კანდიდატის დაპირებებზე  უკვე გვქონდა საუბარი. ამჯერად კი მთავარი ოპოზიციური კანდიდატების დაპირებებს თემატურად გაგაცნობთ.  NDI-ის მიერ ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით, თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი დანარჩენებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს – ზაალ უდუმაშვილს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს – ელენე ხოშტარიას და თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს – ალეკო ელისაშვილს ჰქონდათ.

სამივე კანდიდატი თანხმდება, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემებიდან სოციალური მიმართულება, ეკოლოგიური მდგომარეობა, სატრანსპორტო სისტემა და უნებართვო მშენებლობები თბილისის უმწვავეს პრობლემებად სახელდება. შესაბამისად, მერობის ოპოზიციური კანდიდატები აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად საკუთარ ხედვებს და გეგმებს გვთავაზობენ.

 

სოციალური მიმართულება

 „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, სოციალურ პრობლემებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად აფასებს, ვინაიდან, მისივე თქმით, ეს საკითხი ყველაზე მწვავედ თავად თბილისელების მიერ სახელდება. უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა მერიამაც უნდა მიიღოს. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ მოსახლეობას კონკრეტულ გეგმას სთავაზობს.

„ყველა სოციალურად დაუცველი პირი, რომლის სტატუსიც 200 ათას ქულამდეა განსაზღვრული, თბილისის მერიისგან მიიღებს 50-ლარიან დახმარებას. ასევე, ყველა ოჯახი, რომელსაც წელიწადში 40 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ახალშობილზე მიიღებს ათასლარიან დახმარებას. უფასო სასადილოების დაფინანსება, რომლებიც დღეს თბილისში მრავლად არის და სადაც, დაახლოებით, 40 ათასი ბენეფიციარია რეგისტრირებული, დაახლოებით, სამჯერ გაიზრდება, რათა ყველას ჰქონდეს ნორმალურად კვების საშუალება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, ელენე ხოშტარია, სოციალური მიმართულებით თბილისისთვის სამ ძირითად პრობლემას ასახელებს: გაჭირვებას, უმუშევრობას და მოუხერხებელ საცხოვრებელ გარემოს. ხოშტარიას თქმით, შესაძლოა ეს პრობლემები ერთ თვეში ვერ გადაიჭრას, თუმცა, მისივე შეფასებით, ბევრად სერიოზული პროგრესის მიღწევა შეიძლება.

ელენე ხოშტარია პენსიონერებს პენსიის 50 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველებს – 70 ლარით გაზრდას ჰპირდება. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ხოშტარიას მერობის შემთხვევაში, დაგეგმილი აქვს სატვირთო რკინიგზის გადატანა, რასაც, მისივე თქმით, დაახლოებით 10 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვება.  ხოშტარია დედაქალაქში საფეხმავლო სივრცეების გაჩენასაც აანონსებს.

„ქალაქში საფეხმავლო სივრცეების გაჩენა იწვევს სამუშაო ადგილების გაჩენას მცირე ბიზნესის მიმართულებით – კაფეების, სავაჭრო ცენტრების, მათ შორის მოწესრიგებულ გარევაჭრობას და ა.შ. ეს კი უკვე ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, რაც  მთლიანობაში ეკონომიკის განვითარებაზეც აისახება. შესაბამისად, ჩვენი ვარაუდით, ამ პროექტებით, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, დაახლოებით 30-35 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რასაც პირველადი ეფექტიც ექნება და ქალაქის ეკონომიკისთვის გრძელვადიან შედეგსაც მოიტანს,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, საკუთარ საარჩევნო პროგრამაში სოციალურად დაუცველებს ან მათ, ვინც მომდევნო 4 წლის განმავლობაში დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში, 100-ლარიან სოციალურ დახმარებას ჰპირდება. ამასთანავე, ელისაშვილი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ 60-ლარიანი სადაზღვევო პაკეტი ჯანმრთელობისთვის.

„მე ვაძლევ გარანტიას ყველას, ვინც არის სოციალურად დაუცველი, 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად ექნებათ სოციალური დახმარება. ეს დახმარება არ იქნება დამოკიდებული იმაზე, პირი სამსახურს იშოვის თუ არა. თუ ცენტრალური ბიუჯეტი ამოაგდებს სოციალურად დაუცველების დაფინანსებას, მაშინ ისინი თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან. დღეს არსებულ თანხებს დაემატება წელიწადში 10 მილიონი და სოციალურად დაუცველებისთვის 100-ლარიანი დახმარება იქნება გარანტირებული,“ – ამბობს ელისაშვილი.

რაც შეეხება პენსიონერებს, ალეკო ელისაშვილის პროგრამის მიხედვით, თბილისში პენსიონერებს პენსია 20 ლარით გაეზრდებათ, რადგან, როგორც თავად ამბობს, დედაქალაქში პენსიონერებს განსაკუთრებით ბევრი ხარჯი და მძიმე სოციალური პირობებში უწევთ ცხოვრება.

„გარდა ამისა, თბილისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც ბაღის ასაკის შვილი ან შვილები ჰყავთ, თითო ბავშვზე წელიწადში გაიცემა 3500-ლარიანი ვაუჩერი (ასეთი 7000 ბავშვია).   ასეთ ოჯახებს შეეძლებათ, შვილები კერძო ბაღებში შეიყვანონ, არასოციალურად დაუცველ ოჯახებს (ასეთი 63 000 ბავშვია) კი გადაეცემათ  2100-ლარიანი ვაუჩერი,“ – ამბობს ელისაშვილი.

 

ეკოლოგია

ზაალ უდუმაშვილი დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ასახელებს. უდუმაშვილის თქმით, ამ პრობლემის გადაჭრას რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად სჭირდება „ფრონტის ხაზის“ გახსნა იმიტომ, რომ, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ გამწვანებით ეკოლოგიური პრობლემები ვერ გადაიჭრება. 

„ქალაქს სჭირდება რეკრეაციული ზონები. გარდა იმისა, რომ არსებული სკვერები და პარკები უნდა განვაახლოთ, უნდა შეიქმნას სარეკრეაციო ზონები. მაგალითად, მე მაქვს ცენტრალური პარკის პროექტი, რომელიც იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, რითაც, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში თბილისს ექნება ევროპული დონის დასასვენებელი პარკი. ასეთი დიდი პარკი უნდა გაკეთდეს, ასევე, ზოოპარკის ტერიტორიაზე და ორთაჭალაში,“ – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მეორე და მესამე მთავარ მიმართულებებად ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას ასახელებს, რაც, მისი შეფასებით, ქალაქში საცობებით არის განპირობებული.

ელენე ხოშტარია ეკოლოგიურ პრობლემებს რამდენიმე მიზეზით ხსნის. ხოშტარიას თქმით, ერთია მანქანების გადატვირთული მოძრაობა, მეორე – მშენებლობები და მესამე – სატვირთო რკინიგზა. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი სამივე საკითხს ჰაერისა და გარემოს დაბინძურების მთავარ წყაროდ ასახელებს. მისივე თქმით, რა რეკრეაციული სივრცეებიც დედაქალაქს ამჟამად აქვს, მოსახლეობა ვერ იყენებს.

„მაგალითად, ხუდადოვის ტყე, რომელიც არის ქალაქის ფილტვი; თბილისის ზღვის გარშემო არსებული ტყე არის ძალიან კარგი რესურსი, მაგრამ ამას მოვლა და მისადგომი ტრანსპორტი სჭირდება. ამასთან, ქალაქში არათანაბრად არის სიმწვანე გადანაწილებული, არის მეტად მწვანე უბნები და არის ბევრად ნაკლები. ეს უნდა იყოს გააზრებული, სად გვაკლია სიმწვანე ყველაზე მეტად და იქ უნდა შევქმნათ და მოვუაროთ,“ – აღნიშნავს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია ეკოლოგიურ პრობლემებს კომპლექსურს უწოდებს, ამიტომ ამ საკითხის მოგვარებასაც კომპლექსურად აპირებს.

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი მერობის შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებულ ენერგიას თბილისში მწვანე სივრცეების შენარჩუნება-გამრავლებას მოახმარს. ალეკო ელისაშვილის თქმით, დათვლილ-დაანგარიშებული აქვს, რომ 4 წლის ვადაში თბილისში მწვანე ტერიტორიების რაოდენობა გასამმაგდება. ელისაშვილი თბილისში გავრცელებული მძიმე დაავადებათა ეპიდემიების გამო წუხს და ამ ყველაფერს არაჯანსაღ ეკოლოგიურ გარემოს უკავშირებს.

„ქალაქში ერთი აღებული პრობლემა არ არსებობს, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჰაერს ვერ აიღებ და ვერ გაწმენდ. ბევრი პრობლემა თითოეულის დარღვევით იქმნება. ჰაერს აბინძურებს როგორც გამონაბოლქვი, ასევე მტვერი. ეს მტვერი იმიტომ წარმოიქმნება, რომ სამშენებლო სტანდარტებს არავინ იცავს. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ ქუჩები არ ირწყვება, მარტო რუსთაველი და ჭავჭავაძის მორწყვა არაა საქმე! მოკლედ, ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, ცალ-ცალკე ყველაფერი უნდა მოგვარდეს: ტრანსპორტი, სამშენებლო რეგულაციები, ხეების და სიმწვანის რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ა.შ.,“ – ამბობს ელისაშვილი.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ერთ-ერთი გეგმა ელექტროდეპოს ტერიტორიიდან ჯართის გატანა და აღნიშნული სივრცის სრული გამწვანებაა. მისი მერობის შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, დედაქალაქში მოეწყობა არაერთი პარკი, გაშენდება სკვერები და შეიქმნება ფეხით სასიარულო სივრცეები.

 

ტრანსპორტი

ზაალ უდუმაშვილი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას აუცილებლობად მიიჩნევს. მისი თქმით, დედაქალაქს დაახლოებით ათასამდე ავტობუსი უნდა ემსახურებოდეს, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ნორმალურად იფუნქციონიროს. 

უდუმაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისას მთავარი მიზანი არის ის, რომ ავტომფლობელს მიეცეს საშუალება, გადაჯდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეს კი, მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დედაქალაქში ბევრი კომფორტული ავტობუსი ივლის.

„თბილისში ერთიანი სატრანსპორტო გეგმა უნდა შემუშავდეს. დღეს ქაოტური სიტუაცია გვაქვს: დღევანდელი პრაქტიკა ისეთია, რომ აიღებენ ერთ კონკრეტულ მოედანს, მოიწვევს სპეციალისტებს და ადგენენ სატრანსპორტო გეგმას. ერთი მოედანი და ქუჩა ვერ ჭრის ქალაქის პრობლემას. ქალაქის სატრანსპორტო გეგმა ერთიანად უნდა შედგეს, რომელიც დედაქალაქში მოძრაობის წესებს დაარეგულირებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობის განტვირთვას,“ –  დასძინა უდუმაშვილმა.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საჭიროა კომპლექსური სატრანსპორტო რეფორმის გატარება, რაც, ხოშტარიას თქმით, გულისხმობს როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანო გზების დაგეგმარებას, ასევე, მთლიანად სატრანსპორტო სისტემის დაგეგმარებას ისე, რომ ქალაქში მანქანას გაუჩნდეს ალტერნატივა.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ტრანსპორტის საკითხის გადაჭრის ერთ-ერთ გზად დედაქალაქში ელექტროავტობუსების შემოყვანას ხედავს.

„ჩვენი პრიორიტეტია ელექტროავტობუსების შემოყვანა, თუმცა  შუალედურად უნდა მოხდეს დღევანდელი ავტოპარკის განახლება. მეორე არის ტრამვაის პროექტი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. აქ შედის საბაგიროს გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით და საფეხმავლო სივრცეების შექმნა, რაც, მთლიანობაში, ამ პრობლემას მოაგვარებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განიხილება მიწისქვეშა პარკინგიც, რომელიც მიბმული იქნება საათობრივ სისტემასთან. ყველა ეს კომპონენტი თუ განხორციელდა, ჩვენ აბსოლუტურად სხვა ტიპის ქალაქს მივიღებთ, სადაც გადაადგილება მოხერხებული იქნება,“ – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისში მანქანა პრიორიტეტულია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მერობის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რომ „ეს ურბანული ფილოსოფია თუ პარადიგმა“ დაინგრეს და ქალაქში მთავარი ადამიანის გადაადგილების საკითხი გახდეს, ამისთვის კი, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა სახეობები უნდა შემოვიდეს და ამგვარად უნდა მოხდეს ამ ძველი, საშინელი ტრანსპორტის ჩანაცვლება. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა, თანამდროვე ტრანსპორტის შემოყვანა და თანამედროვე, ეფექტიანი ქსელის შექმნა. რაც მთავარია, უნდა განვითარდეს მეტრო. 26 მილიონია საჭირო, შემადგენლობები რომ დავამატოთ და ამით მგზავრთა ნაკადის 70%-ით გაზრდას შევძლებთ,“ – აღნიშნავს ელისაშვილი.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ავტომატურად  მანქანების შემცირებას გამოიწვევს, მანქანების რაოდენობის შემცირება, თავის მხრივ, საცობებს შეამცირებს, პარკინგის პრობლემას მეტ-ნაკლებად მოხსნის და ჰაერს გააჯანსაღებს.

ელისაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ მეტროს, ავტობუსის და მიკროავტობუსების ხაზები ისე უნდა გადანაწილდეს, რომ ერთმანეთი შეავსოს. ალეკო ელისაშვილის სამომავლო გეგმაში მეტრო მთავარი სატრანსპორტო ხერხემალი გახდება და სწორედ მასზე მოხდება ავტობუსების და მიკროავტობუსების  ხაზების დაშენება.

„ამასთან, მიკროავტობუსები თანდათან უნდა შემცირდეს და პერიფერიებზე უნდა გადავიდეს. განსაკუთრებით უნდა მოხდეს იმ ადგილების გადავსება, რომლებიც მეტროსადგურებს მოწყვეტილი არიან,“ – დასძინა ელისაშვილმა.

 

მშენებლობები

დედაქალაქში უნებართვო და უკანონო მშენებლობების საკითხს ზაალ უდუმაშვილი „მტკივნეულ თემას“ უწოდებს, რომელიც წლებია, დედაქალაქის პრობლემათა ნუსხაშია. მან თბილისის უბნებს „ბეტონის ჯუნგლები“ უწოდა, მისივე შეფასებით, სრულიად ქაოტურად განვითარებული დედაქალაქის გამო. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად უდუმაშვილი სამშენებლო ნორმების გამკაცრებას მოიაზრებს და დასძენს, რომ თბილისში შენობების ირგვლივ გარკვეული ტერიტორიები სარეკრეაციო ზონებად უნდა დარჩეს. 

„ეს ავტომატურად მისცემს მოსახლეობას იმის საშუალებას, რომ ელემენტარულად გარეთ გამოსასვლელი ადგილი ჰქონდეთ და მერე შენობებს შორის მანძილებს გაზრდის. ანუ აღარ გვექნება კორპუსები, რომლებიც ერთმანეთზე არის მიმდგარი და სხვადასხვა კორპუსის მცხოვრებლები ერთმანეთს საოჯახო ნივთებს ფანჯრებიდან აწვდიან,“ – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

უდუმაშვილის თქმით, ქალაქის განვითარების გეგმა უნდა შეიცვალოს, რათა თბილისი მოსახლეობისთვის სრულად იყოს ადაპტირებული.

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ყურადღებას დედაქალაქში არსებულ ავარიულ სახლებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ასეთი სახლების რეაბილიტაციისთვის  წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი იხარჯება  და, ხოშტარიას თქმით, პრობლემა არ გვარდება, იმიტომ, რომ ხდება არა რეაბილიტაცია, არამედ ე.წ. გამაგრება, რასაც კანდიდატი პრობლემის არა მოგვარებად, არამედ გადადებად აფასებს.

რაც შეეხება მშენებლობის პრობლემებს, ელენე ხოშტარიას თქმით, ურბანული, ანუ მშენებლობების საკითხი უნდა გადაიჭრას ურბანული ამოცანებიდან გამომდინარე.

„ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ეკოლოგიის, გადაადგილების ინტერესი და არ შეიძლება, რომ სადაც ეტევა სახლი, ყველგან ჩადგა იმიტომ, რომ სახლს შემდეგ სჭირდება მანქანის დასაყენებელი ადგილი, გადასაადგილებელი ადგილი, კომუნიკაციებისთვის საჭირო სივრცე, ტრანსპორტმა უნდა გაიაროს და ა.შ. მეორე მხრივ კი, არ შეიძლება დეველოპმენტის დემონიზირება იმიტომ, რომ დეველოპმენტი გვჭირდება, რადგან სახლები გვჭირდება,“ – ამბობს ხოშტარია.

ალეკო ელისაშვილი აღნიშნულ პრობლემაზე შედარებით მკაცრ პოლიტიკას გვთავაზობს. მისი თქმით, 6.5 მილიონ კვადრატულ მეტრზე გაცემულ მშენებლობის ნებართვას რევიზიას გაუკეთებს. ელისაშვილი ნებართვებს, რომლებიც სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, გაუქმებას უპირებს და, როგორც თავად აღნიშნავს, „სულ არ აინტერესებს, თავის დროზე რა ფორმით და რა გზით იქნა მიღებული“.

„მშენებლობები გაჩაღებულია მარჯვენა სანაპიროზე, ცენტრალურ ადგილებში, სადაც ადგილი არ არის და წიხლით ტენიან, მაშინ, როდესაც მარცხენა სანაპიროზე არის არეალები, სადაც არის ძალიან მძიმე ავარიული საცხოვრებელი ფონდი. „ხრუშჩოვკების“ პრობლემა არის სამგორში, სადაც ინგრევა და რეალურად „ხრუშჩოვკის“ პრობლემა არის იქ, სადაც ავარიული სახლებია. ამიტომაც, დეველოპერული ძალისხმევა სწორედ ასეთ ადგილებში უნდა გადავიდეს. ამით ქალაქი ავარიული შენობების პრობლემაც გვარდება, დეველოპერების ინტერესებიც დაკმაყოფილებულია და ხალხიც დასაქმებულია,“ – ამბობს ელისაშვილი.

 

 

თათია  კაკიაშვილი