ქართული ბრენდი “ავთანდილი” უკვე 20 წელზე მეტია გამორჩეული კოლექციებით გვანებივრებს და არავისთვის გასაკვირი არ იქნება ,რომ ამ სეზონის ავთანდილის ქალიც ძალიან საინტერესო გამოვიდა.
როგორც თავად ავთანდილი გვეუბნება, სამოსი მარტივად სატარებელია და აქვს სხვადასხვა ფუნქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს მიერ შეძენილ თუნდაც ერთ მაისურს , სხვადასხვა ლუქზე , სხვადასხვაგვარად მოირგებთ. მისი ქალი წელსაც პრეტენზიული და თამამია, რომელსაც უყვარს ცხოვრება და რა თქმა უნდა ძლიერია. კოლექციებში ძირითადად, გამოყენებულია ბორდო, წითელი, ხაკისფერი და ცისფერი ფერები, რომლის სინთეზიც ერთად გამორჩეულ ლუქებს ქმნის. რაც შეეხება ქსოვილს – ნახატიანი ქსოვილი, რომელიც ასე აქტუალურია, დიზაინერის კოლექციაში არ არის წარმოდგენილი , როგორც უბრალოდ პრინტი. აღნიშნული ქსოვილი ჯერ იხატება, შემდეგ გრაფიკაში მუშავდება, იგზავნება იტალიის ერთ-ერთ ფაბრიკაში, სადაც ქსოვილი უკვე საბოლოო სახეს იღებს.
კითხვაზე თუ რატომ არის ავთანდილი ამდენი წელი აქტუალური, ის ასე გვპასუხობს: ” მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ, არ ვჩერდები, ყოველთვის მგონია, რომ პირველკურსელი სტუდენტი ვარ და ახალი თვალით ვუყურებ, თუნდაც ჩემს ნაწარმს. მუდმივი სიახლეები, მუდმივი ექსპერიმენტები საინტერესოა. მინდა აღვნიშნო, რომ არასდროს დამატებით არ ვიყენებ სხვა დიზაინერების ხედვას”
რაც, შეეხება ავთანდილის მეორე ხაზს – “ავთანდილ 73-ს”, დიზაინერი ამ შემთხვევაშიც სიახლეებს გვთავაზობს . კოლექცია ექსკლუზიური რაოდენობით იწარმოება, შესაბამისად რაოდენობა შემცირებულია, ხოლო არჩევანი გაზრდილი. “ავთანდილ 73-ის” გოგონაც საკმაოდ საინტერესოა. გამოყენებული აქვს ჯინსის ფაქტურა სხვადასხვა ფერში და ასევე ტყავის ქურთუკები, რომელიც გაწყობილია ბრენდის სახელის (AVTANDILI) რეზინით. ასევე შეხვდებით ბოლო პერიოდის საკმაოდ აქტუალურ სპორტულ და ბრჭყვიალა ქუსლით გაფორმებულ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს.
შეგახსენებთ, რომ დიზაინერის კოლექციების ნახვა ორ ლოკაციაზე, ლესელიძის 29 ნომერში და თბილისი მოლის მე-2 სართულზე შეგიძლიათ.