LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანულ ბიზნესწრეებში საქართველოს ეკონომიკით ინტერესდებიან

37

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში მარკ პრიტჩარდს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მთავრობის მიერ დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

„ორ ქვეყანას შორის მუშავდება ერთობლივი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ვგეგმავთ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და გაზრდას. ეს საშუალებას მისცემს ბრიტანულ კომპანიებს აწარმოონ ბიზნესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელსაც ვგეგმავთ განათლების სფეროში. განვიხილეთ, ასევე, საფონდო ბირჟის და კაპიტალის ბაზრის რეფორმის საკითხები საქართველოში. მოგეხსენებათ, ლონდონის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პლატფორმაა მსოფლიოში და შესაბამისად, გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა მარკ პრიტჩარდმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა საქართველოსთან გაღრმავდეს ურთიერთობები ვაჭრობისა და საინვესტიციო მიმართულებით. საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს ბრიტანულ ბიზნესწრეებში. საფინანსო, საბანკო სექტორები, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, განათლების სფერო – ეს ის საკვანძო სექტორებია, სადაც შესაძლებელია პარტნიორობის გაღრმავება“, – აღნიშნა მარკ პრიტჩარდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g