ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე თურქეთის ხელისუფლებამ 2015 წელს დაიჭირა, შემდეგ კი მისი ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდა, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა.
„ერთ-ერთი თვითმკვლელი სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ გაზიანტეპეში დააკავეს და მისი დეპორტაცია მოხდა ბელგიაში,“ – განაცხადა ერდოგანმა.
მისივე თქმით, დაკავებულის გადაცემისას გააფრთხილეს ბელგიის ხელისუფლება, რომ იგი ჯიჰადისტი იყო, თუმცა ბელგიელებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, რადგან დაკავებულის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან ვერ დაადგინეს.
ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი აფეთქებების შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა, 300-მდე კი დაიჭრა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ბელგიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.