ბელგიის დედაქალაქის სპეციალური ვებ-პლატფორმა ამოქმედდა, რომელიც ხმაურის დაბინძურებას აკონტროლებს. ამიერიდან თითოეულ მოქალაქეს შეუძლია რეალურ დროში ნახოს, როგორი ხმაურის დონეა მის საცხოვრებელ მისამართთან ახლოს. სიახლის შესახებ Brussels times წერს.
პორტალზე ინფორმაცია 22 სადგურიდან იგზავნება, რომლებიც მთელი რეგიონის მასშტაბით ფუნქციონირებენ. სისტემა ცალკე აანალიზებს საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტისგან გამოწვეულ ხმაურის მავნე ზემოქმედებას.
ხმაურის დაბინძურება დიდი ქალაქებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემად მიიჩნევა. ექსპერტთა თქმით, მუდმივი ხმაური იწვევს ძილის დარღვევებს, ქრონიკულ სტრესს და ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ევროკავშირის მოსახლეობის 20%-ზე მეტი მავნე ზეგავლენას განიცდის სატრანსპორტო ხმაურისგან.
ევროკავშირის ქვეყნები ხმაურის დონის შესამცირებლად სხვადასხვა ზომას იღებენ, განსაკუთრებით ქალაქებში. მათ შორისაა – ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლება, ქალაქის ცენტრში სიჩქარის შეზღუდვა 30 კმ/სთ-მდე და აეროპორტებში ღამის ფრენების გაუქმება.