წლის ბოლოს, დეკადის უამრავი მუსიკალური შეჯამება შედგა და უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს კატეგორიაში ლიდერი ჯგუფი, კეიპოპ ჯგუფი, BTS იყო, რომელიც 2013 წელს ჩამოყალიბდა და კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც „ბილბორდის“ ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო, 2019 წელს კი „ბილბორდის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.
ახლა კი სამხრეთკორეულმა მუსიკალურმა კოლექტივმა ახალი გლობალური პროექტი CONNECT, BTS წამოიწყო, რომელიც მუსიკასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის ურთიერთკავშირის ჩვენებას მოიაზრებს. ცნობისთვის, პროექტი მსოფლიოს ხუთ ქალაქსა და 22 ხელოვანს აერთიანებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბიჭები ლონდონში, ბერლინში, ნიუ-იორკში, ბუენოს აირესსა და სეულში მოღვაწე არტისტებთან ჩაწერილ ინტერვიუებს გაავრცელებენ და თაყვანისმცემლებს მათ მსოფლმხედველობასა და ნამუშევრებს გააცნობენ.
„პროექტი სამყაროში პოზიტიური გზავნილების გავრცელებას ისახავს მიზნად.“ – აცხადებენ ბოიბენდის წევრები.