„დადებითი დასკვნის მიუხედავად, ბიუროს სხდომაზე „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ჩვენს მოთხოვნას, რომ დაწყებულიყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც საკრებულოების გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას ითვალისწინებს“- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.
“პარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა დაადასტურეს ჩვენი კანონპროექტის უხარვეზობა, დაადასტურეს, რომ ეს კანონპროექტი სრულად აკმაყოფილებდა პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, მათ შორის დაჩქარებული წესით განხილვის დასაბუთების ნაწილში. საბოლოო ჯამში, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ მათთვის კონსტიტუცია და ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის მათი ერთგვარი ჯიბის წიგნაკში ჩაწერილი ნაჯღაბნი, რომლის გადახაზვა და გადმოხაზვა შეუძლიათ, მაგრამ არა ბატონებო, ჩვენ არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გააგრძელოთ, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობის მონოპოლიზების მცდელობა და ბუნებრივია, ყოველდღიურად გავაგრძელებთ ჩვენი გუნდი ყველა ბერკეტის გამოყენებას, მათ შორის რაც გვაქვს მონიჭებული საქართველოს კონსტიტუციით და რაც გვაქვს მონიჭებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
აღნიშნულ საკითხებზე ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ წარმომადგენლებთან, იმისთვის, რომ ეს ტრიბუნა, რაც ჩვენ ხალხმა მოგვცა და მოგვანიჭა მანდატი, გამოყენებული იყოს მოქალაქეების ინტერესებისთვის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის, რასაც ახლა “ოცნება” აკეთებს,”- განაცხადა ბუჩუკურმა.