მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე, მისი პარტიის შტაბის წევრებს, მაჟორიტარობის კანდიდატებს, მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მიმართავს. როგორც ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პარტია ყველა მხრიდან ზეწოლის ქვეშაა და მათ კვლავ მოუწევთ ცოტა ხნით ამის გაძლება.
” მე შევქმენი ჩვენი პოლიტიკური პარტია, რადგან ჩემს სამშობლოს ძალიან უჭირს. მე ამდენი გაჭირვებული და მშიერი ადამიანი ჩემი ცხოვრების მანძილზე საქართველოში არ მინახავს. დღიდან ჩემი პოლიტიკაში შემოსვლისა, ორი საპირისპირო რამ ხდება. ერთი მხრივ, სიყვარული და მხარდაჭერა ქართველი ხალხისა, მეორე მხრივ, უდიდესი ზეწოლა მთავრობისგან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან. ზეწოლა ხორციელდება ბიზნესმენებზე, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა უნდა, შემომწირველებზე, ჩვენს მხარდამჭერებზე. ბევრი ჩვენი შემომწირველი დღესაც კი სასამართლოშია დაბარებული. ჩვენ დავდექით ორი არჩევანის წინაშე, ან ავირჩიოთ ბიძინა ივანიშვილის თანხა და გავხდეთ მისი მარიონეტები, ისეთივე როგორებიც არიან მთავრობის წევრები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, ან ავირჩიოთ და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც საქართველოს გამოადგება”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.