LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო – ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ ამომრჩეველთა სწორ ინფორმირებას, არჩევნები საერთო საქმეა

114
1660563398-ცესკო-3

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ცესკო-ს მიმართ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არც კი დაწყებულა.

როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს იმის შესახებ, როგორ უნდა მისცენ ხმა ამომრჩევლებმა ელექტრონულად.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად საქმე ეხება ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, პარლამენტის წევრი, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ამტკიცებს, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არც კი დაწყებულა და ამომრჩევლებმა რეგიონებში არ იციან, როგორ უნდა მისცენ ხმა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის სიცრუე. ვიდრე საზოგადოებას დეტალურად გავაცნობთ, თუ როგორ მიმდინარეობს ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია, გვინდა, შევახსენოთ აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომ სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი საჯარო უწყება, სადაც ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა და ასევე მონაწილეებმა ინფორმირების კამპანიის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს, სწორედ პარლამენტი იყო. რაც შეეხება დეტალურად ამომრჩეველთა ინფორმირებას – ამ დროისათვის 300 000-მდე ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122 000-მდე ამომრჩეველმა. ამასთან, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის.

ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ხალხმრავალ ადგილებში – მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში, ხალხმრავალ დღესასწაულებზე. მოქალაქეებს პირადად აქვთ შესაძლებლობა, ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ, როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 1 700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია მიიღო 150 000-მდე ამომრჩეველმა. საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო- სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდა როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში, რიგდება საინფორმაციო ბროშურები. ამომრჩეველთა ინფორმირება არის ცესკო-სა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამ მიმართულებით პროექტებში მონაწილეობა მიიღო 16 000-მდე პირმა.

ამასთან, ჩვენ კიდევ ერთი სიახლე შევთავაზეთ ამომრჩეველს – ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც ნებისმიერ პირს შეუძლია, ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს, როგორ უნდა მისცეს ხმა ელექტრონული აპარატების გამოყენებით. ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის 2023- 2026 წლების სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სამოქმედო გეგმით კი არის განსაზღვრული ყველა ეტაპი და ადმინისტრაცია სწორედ გეგმის მიხედვით კიდევ უფრო ინტენსიურად გააგრძელებს ამომრჩეველთა ინფორმირებას და უზრუნველყოფს 2024 წლის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებას. პოლიტიკოსებს და ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ამ პროცესში დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ადმინისტრაციასთან ერთად, ხელი შეუწყონ ამომრჩეველთა სწორ ინფორმირებას. შევახსენებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები