LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაგარეიშვილი ოპოზიციას: არც ჩვენ გვეხატებით გულზე, მაგრამ ტუჩების აბზუებას, გაბუტვებს და კუთხეში დადგომას თავი დავანებოთ, მობრძანდით და ვისაუბროთ

82
გია ცაგარეიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, ევროკავშირის მიერ დათქმული პირობების შესასრულებლად, დისკუსიებსა და მმართველ პარტიასთან კონსულტაციებში ჩაერთონ.

„პაპუაშვილი უუფლებო ჭანჭიკია, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის” – ვინ იწყებს კონსულტაციებს მმართველ პარტიასთან

როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, “გაბუტვას, კუთხეში დადგომას და ტუჩების აბზუებას ახლა ყველამ თავი უნდა დაანებოს”:

“ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ეს მოსწონს თუ არა, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში 2024 წლამდე, სხვა პროცესი აქ ვერ წარიმართება, პროცესი ხელისუფლების მიერ უნდა იყოს წარმართული.

სწორედ ხელისუფლების მისამართით არის ევროკომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები და გიორგი ვაშაძემ რაც უნდა ტანზე შემოიხიოს, არ არის ხელისუფლება, ღმერთმა არ ქნას, ვერც იქნება ვერასდროს, დარწმუნებული ვარ. ამიტომ მოითმინონ, დაფიქრდნენ და ხელისუფლებასთან სასაუბროდ მოვიდნენ.

მეც ვყოფილვარ მძიმე მდგომარეობაში ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე აქ, პარლამენტში, მაგრამ კოლეგებთან ყოველთვის ვახერხებდი საერთო ენის გამონახვას, სანამ ოჯახებში არ შემოგვიცვივდნენ თოფებით.

ამიტომ, მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას, ტუჩების აბზუებას, თავი დავანებოთ, მობრძანდით და ვისაუბროთ. მესმის, ჩვენი ხილვა არ მოგწონთ, ჩვენც არ გვეხატებით გულზე, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ გვეხატება გულზე, ხომ გვიყვარს საქართველო, თუ გვძულს?! თუ გვიყვარს, მაშინ მოდით და ვისაუბროთ. რაღაცაზე მოვრიგდებით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდებით, გამოვიდეთ და ხალხს ვუთხრათ ეს ყველაფერი, რაზე შევთანხმდით და რაზე ვერა.

თითქმის ორი წლის წინ იყო ეს 19 აპრილის ავადსახსენებელი შეთანხმება, რაზეც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი არ მოაწერა და შემდეგ ამის ანულირება მოხდა. ამ პროცესის ტორპედირება მოახერხეს და წვრილ-წვრილი, თავის ჩრდილში მყოფი პარტიები ჩაითრიეს, რომ შეთანხმება ჩაეშალათ. რა მიიღეს შედეგად? მივიღეთ ისევ გაღრმავებული პოლარიზაცია და მათი მარცხი”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირის მიერ დათქმული პირობების შესრულების გეგმა წარადგინა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციამ გვერდზე უნდა გადადოს წალეკვის კამპანია და ჩაერთოს ფორმატში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

magti 5g