უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას მმართველი გუნდის წევრი, გია ცაგარეიშვილი ეხმიანება.
საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას: მიხაილო პოდოლიაკი
როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, “პოდოლიაკის მსგავსი ავყია ადამიანების ნაჭორავებს თუ წამოძახილს ხელისუფლება ყურადღებას არ მიაქცევს და გააგრძელებს სვლას, რომ საქართველოში და მთელ რეგიონში მშვიდობა სუფევდეს:
“ეს ადამიანი, რომელიც იანუკოვიჩის გარემოცვაშიც მოწინავე პოზიციაზე იყო, თითის ქნევით გვასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიაზროვნოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ და როგორ ჩავერთოთ მათ შორის, ომში, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოსთვის ფატალური და ტრაგიკული შეიძლება აღმოჩნდეს. ეს რომ ჩვენს ხელისუფლებაში ძალიან კარგად ვიცით, ამიტომ პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს, რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მივაქცევთ, გავაგრძელებთ სვლას იმისთვის, რომ საქართველოში და მთლიანად რეგიონში სუფევდეს მშვიდობა, რათა განვითარება და წინსვლა განვაგრძოთ. ეს არის შეუქცევადი, რაც უნდა იჭორაოს პოდოლიაკმა და სხვა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა.
გამოაქვეყნონ მტკიცებულებები, მეც ველოდები უკვე მეოთხე თვეა. მას შემდეგ, რაც საშინელი სისხლის ღვრა გააჩაღა რუსეთმა უკრაინაში, პირველივე დღიდან დაიწყო ეს ბრალდებები, რომ ჩვენ, დაწყებული ყველით, ნადუღით თუ ხაჭოთი, დამთავრებული სამხედრო ტექნიკით, ყველაფერს ვატარებთ რუსეთში, ვართ „შავი ხვრელი“, „შავი გვირაბი“, „შავი ზურგი“, „შავი უბედურება“ ცივილიზებული სამყაროსთვის, ეს სადღაც უნდა დასრულდეს..
მათიკაშვილი: „ნებისმიერი ასეთი განცხადება კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთაც სურთ, საქართველო ნახონ ცეცხლმოკიდებული”
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „საზოგადოება უკვე მიჩვეულია, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები ომისკენ მოუწოდებენ ჩვენს ქვეყანას“
ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს. როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები მათთვის არაფერია, მათთვის სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანია ხაბეიშვილი რას მიაწვდის აქედან ვინმე პოდოლიაკს, ჰგონიათ, რომ ამ ტიპის დღის წესრიგით უნდა იცხოვროს საქართველომ. ვერ იცხოვრებს საქართველო ვერანაირად პოდოლიაკის დღის წესრიგით. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინას გვერდით დავდგომოდით”, – თქვა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, მიხაილო პოდოლიაკმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვთ საქართველოს მთავრობის განცხადებებზე, რომ უკრაინას სურს საქართველოს ომში ჩართვა და ამავდროულად, უკრაინულ მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი დამადასტურებელი საბუთი, რომ საქართველო თანამშრომლობს მოსკოვთან, პოდოლიაკმა განაცხადა:
“სამხილი შეიძლება მხოლოდ იყოს იურიდიული. ის მიწოდებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, თუ მსგავსი სამხილების წარდგენა საჭირო იქნება, მას სრული სახით წარადგენენ. დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისევე ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს”.