შინაგან საქმეთა სამინისტრო ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბელის და ლაჯანაშის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადგილზე სპეციალური საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა, სადაც სოფლებში შემსვლელ-გამომსვლელ მოქალაქეებს თერმოსკრინინგი და ტესტირება ჩაუტარდებათ.
ადგილზე კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სოფლებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის ამოქმედება არ იგეგმება და არც შესვლა-გამოსვლა იკრძალება.
“უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.
აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 57 შემთხვევიდან 7 ცაგერში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 60 მოქალაქე იმყოფება.