ინოვაციური სამაჯურების შემქმნელი ქართული კომპანია Cashless-ი საკუთარი პროდუქციის ახალ დიზაინზე მუშაობს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგა მეხრიშვლმა განუცხადა, ამჟამად სამაჯურები ნაჭრისაა და მხოლოდ შავ ფერში მზადდება, უახლოეს მომავალში კი იგეგმება მასალად ტყავისა და ხის გამოყენებაც. ამასთან, შავის გარდა, Cashless-ი ფერად სამაჯურებსაც გამოუშვებს.
”ვმუშაობთ ახალ დიზაინზე როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ასევე ტექნიკური კუთხითაც. მაგალითად, თუ ამ ეტაპზე სამაჯური მხოლოდ თანხის გადახდის შესაძლებლობას იძლევა, მალე მას სხვა ფუნქციებიც დაემატება. ვგეგმავთ, ჩავამონტაჟოთ სხვადასხვა პროგრამა, მაგალითად თანხის გადახდის პარალელურად, ქულების დაგროვების სისტემა”, – განაცხადა მეხრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, Cashless-ი მოლაპარაკებებს რამდენიმე ადგილობრივ კომპანიასთან აწარმოებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინოვაციური სამაჯურებით.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, პირველად ინოვაციური სამაჯურები თბილისში, წელს, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ – summer set- ზე გამოიყენეს. ამასთან, Cashless-ის სამაჯურები წარმოდგენილი იყო Gem fest-ზეც.
ცნობისთვის, კომპანია Cashless-ი 2016 წლის დასაწყისში დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ფინანსური ტექნოლოგიების სფეროა. კომპანიამ შექმნა ინოვაციური სამაჯურები, რომლებშიც ჩამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ქართველ მომხმარებელს შეუძლია თანხა მარტივად გადაიხადოს. ამ დროისთვის, სამაჯურით სარგებლობა სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებზეა შესაძლებელი, Cashless-ის მომსახურებით აქტიურად 200 პირი სარგებლობს.