„სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ძალიან ვიწროპარტიული და ზიზღის კამპანიით გაჯერებული დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით, ეროვნული ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის გადაცემისთვის, ფეხბურთელების მხრიდან მადლიერებას და საზოგადოების ნაწილისგან მათ მიმართ კრიტიკას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი საზოგადოებას შეფასების საგანი იქნება:
„სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ძალიან ვიწროპარტიული და ზიზღის კამპანიით გაჯერებული დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ისინი ცდილობენ ისეთი უნივერსალური საკითხების გადაკეთებას და პოლიტიზებას, როგორიცაა მადლიერება, ღირსების პატივისცემა, საქართველოსი და საერთო წარმატების აღნიშვნა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას შეფასების გარეშე არ დარჩება“ – აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან” პრემიის სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი მიიღო.
„ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის.
ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“, – აცხადებს გურამ კაშია.
„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. ძალიან მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრის გამო. კარგი იქნება, თუ კიდევ მეტი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს. მნიშვნელოვანია, გამოჩნდა რამხელას ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე მთელი ნაკრები“, – ამის შესახებ კი გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა .
ოთარ კიტეიშვილი კი აცხადებს, რომ ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი.
„რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი, არა მარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ევროპული გამოცემები წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის“ – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.