LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები – რას ითვალისწინებს სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი

715400

ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები – ეს ის სამშენებლო პროდუქტებია, რომელთა ხარისხის კონტროლი 15 იანვრიდან ამოქმედდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ტექნიკური რეგლამენტი ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული. ის თავდაპირველად 2018 წლის 15 ნოემბერს ამოქმედდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, ორი თვით მისი მოქმედების გადავადების გადაწყვეტილება იყო მიღებული.

რეგლამენტი განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორების (მწარმოებელი; მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი; იმპორტიორი; დისტრიბუტორი) ვალდებულებას, უზრუნველყონ სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან. რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით. შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

რადიო „ფორტუნასთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე რამაზ ობოლაძე, 2018 წლის 15 ნოემბერს ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტის გადავადებაზე საუბრობს.

„ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია აწარმოა. 
ეკონომიკურ ოპერატორებს წინასწარ გააცნო ტექნიკური რეგლამენტის პროექტი და გამართა შეხვედრები. მიუხედავად მრავალმხრივი საინფორმაციო კამპანიისა, 15 ნოემბერს რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმპორტიორთა გარკვეული ნაწილი კვლავ არ იყო მზად, დაეკმაყოფილებინათ ახალი მოთხოვნები, ამიტომ რეგულაციის ამოქმედება გადავადდა 2 თვით და იპორტიორებს მიეცათ მომზადების საშუალება, – აცხადებს რამაზ ობოლაძე.

მისივე განცხადებით, ეს სფერო აქამდე არ იყო რეგულირებული. პროდუქტის იმპორტირებისას, საბაჟო დეკლარირების დროს საბაჟოზე წარმოსადგენი იყო ინფორმაცია, მხოლოდ პროდუქციის წარმოშობის შესახებ. სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება არ არსებობდა.

ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, საქართველოს მიერ ნაკისრი, სამშენებლო პროდუქტის რეგულირების დაახლოების ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების დაწყება გახლავთ, – განმარტავს რამაზ ობოლაძე.

მისივე შეფასებით, ცვლილება საქართველოში, შენობების გრძელვადიან მდგრადობას გააუმჯობესებს. ის ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის N50 დადგენილებით განსაზღვრულ, განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში მიღებულ სტანდარტებს: ცემენტი, არმატურა, პლასტმასის მილები და ელექტროკაბელები დააკმაყოფილებენ.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე, რამაზ ობოლაძე იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რომლებიც სამშენებლო პროდუქტებმა უნდა დააკმაყოფილონ.

იპორტიორებმა საბაჟოს უნდა წარუდგინონ, ტექნიკური რეგლამენტით თითოეული სამშენებლო პროდუქტისთვის განსაზღვრული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეადგინოს მწარმოებელმა. აღნიშნული პროცედურული ცვლილებები დამატებით ხარჯებს არ უკავშირდება.

არმატურას თან უნდა ახლდეს: შემოწმების სერტიფიკატი №3.1. გაცემული EN 10204:2004 სტანდარტის შესაბამისად და შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი;

ცემენტსა და ელექტროკაბელებს: თვისებების დეკლარაცია;

პლასტმასის მილებს: ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში, შემდეგი ინფორმაცია: მწარმოებლის სახელი; რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო ინფორმაცია; სამშენებლო პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ტექნიკური პირობები, რომელსაც სამშენებლო პროდუქტი აკმაყოფილებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; პროდუქტის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები; პროდუქტის დანიშნულების მიხედვით გამოყენება.

რამაზ ობოლაძის ინფორმაციით, მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზეც.

სამშენებლო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნამდე არ არსებობდა. 2019 წლის 15 იანვრიდან კი, სწორედ მათ ევალებათ ზედამხედველობა.
ზედამხედველი კადრები სააგენტოში მკაცრი საკონკურსო პირობების საფუძველზე შეირჩევა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ფასების ცვლილებას ტექნიკური რეგლამენტი, რამაზ ობოლაძე პასუხობს,  რომ აღნიშნული რეგლამენტი, ცვლილებას ბინების ფასებზე არ გამოიწვევს.

შეგახსენებთ, სამშენებლო პროდუქტების რეგულირება არსებობს ევროპის ყველა განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.

“მენაშენეთა ასოციაციის” წარმომადგენელი, თორნიკე აბულაძე ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებას ეხმიანება და თვლის, რომ ცვლილება დადებით შედეგს მოიტანს.

მისივე განცხადებით, უხარისხო იმპორტის დაბლოკვა ბაზარზე უძრავ ქონებას არ გააძვირებს.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, ბოლო წლებში ნამდვილი სამშენებლო ბუმია, მაგრამ აშენებული შენობების ხარისხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ჩვენ დავინტერესდით, რა პოზიცია აქვთ სამშენებლო კომპანიებს, ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებით და შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ აფასებენ დღეს არსებული სამშენელო კომპანიები ცვლილებას.

რამდენიმე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორპუსის მშენებლობის დროს ისედაც ხარისხიან პროდუქციას იყენებდნენ და განმარტავენ, რომ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ბინის ფასზე ცვლილებას არ მოახდენს, ხოლო ზოგი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელისგან აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.

იმისთვის, რომ გაგვეგო ადგილობრივი მწარმოებელი ქარხნის პოზიცია, ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებით, „ფორტუნამ“ „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას“ მიმართა.

როგორც, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენელი აცხადებს, ამ ეტაპზე დაკვირვების რეჟიმი მიმდინარეობს, რის გამოც ტექნიკური რეგლამენტის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

თუმცა, როგორც ქარხანაში აცხადებენ, ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე, არმატურის ხარისხის შემოწმება, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში არსებულ ლაბორატორიაში ისედაც ხდებოდა.

„ჩვენ ქარხანაში გვაქვს ლაბორატორია. სანამ არმატურას გასაყიდად გავუშვებთ, ის ყოველთვის მოწმდება გაწყვეტაზე, სადაც ხდება შემოწმება თუ რამდენად მდგრადია პროდუქტი. ასევე, მოწმდება მისი ქიმიური შემადგენლობა,“ – აცხადებს, რუთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენელი.

მისივე განცხადებით, არსეობს რუსული, ამერიკული და ევროპული სტანდარტი. ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ევროპულ სტანდარტზე, შესაბამისად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, არმატურის ქიმიური შემადგენლობა და მდგრადობა ევროპულ სტანდარტს შეესაბამება.

მეტალურგიულ ქარხანაში აცხადებენ, რომ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდეც სტანდარტების დაცვით მუშაობდნენ და მისი ამოქმედების შემდეგაც ასე გაგრძელდება.

რადიო „ფორტუნამ“ უძრავი ქონების სააგენტო „კიბე“– სგან გამოითხოვა ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რომელ საცხოვრებელ კორპუსებს ანიჭებენ უპირატესობას ბინის ყიდვის დროს.

როგორც, „კიბე“ -ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძე აცხადებს, მეტი ხვედრითი წილი მაინც უფრო ახალაშენებულ კორპუსებზე მოდის.

„ძველებზეც არის მოთხოვნა, თუმცა ძველი საცხოვრებელი კოპუსები უნდა კლასიფიცირდეს. ე.წ. ხრუშოვკის, ლენინგრადის, კიევის კორპუსებზე მოთხოვნა არ არის.
ძველი აშენებული კორპუსებიდან ძირითადად, ჩეხური პროექტის ბინებზე არის მოთხოვნა. დანარჩენ შემთხვევაში, მაინც უფრო, ახალი კორპუსებისკენ იხრებიან, თუმცა მყიდველები ყოველთვის სვამენ კითხვას, რომელი სამშენებლო კომპანიის მიერ არის აშენებული კორპუსი. მყიდველს ასევე აინტერესებს, რამდენად გამოცდილი და ცნობილია ის სამშენებლო კომპანია, სადაც ბინის შეძენას აპირებს,“ –
ამბობს ნელი გოგუაძე.

უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებლის განმარტებით, მყიდველები ყურადღებას, კორპუსის სართულიანობაზეც ამახვილებენ და ძირითად შემთხვევებში, დაბალსართულიანი კორპუსები (8 ან 9) ურჩევნიათ.

და ბოლოს, “ფორტუნა” ბინის შეძენის მსურველებს, “მენაშენეთა აცოციაციის” მიერ გავრცელებულ, საჭირო რეკომენდაციებს გთავაზობთ, რომლებიც სწორი არჩევანის გაკეთებაში ყოველთვის დაგეხმარებათ.

ნათია ხარებაშვილი