დედაქალაქის ისეთ ადგილებში, სადაც საპარკინგე ადგილებზე მაღალია მოთხოვნაა, ზონალურ-საათობრივი საფასურის სისტემა შემოვა, დანარჩენ ადგილებზე, პარკირების არსებული სისტემა დარჩება, – ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საპილოტე პროექტი, თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში, მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდება.
“ამ პროექტზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, სად უფრო მარტივი და ეფექტური იქნება პარკირების სისტემის ამოქმედება. პარკირების მოდელი საკმაოდ მარტივი და ეფექტურია მომხმარებლების მხრივ, მაგრამ ის ემსახურება საპარკინგე ადგილებზე, კრიტიკულ მონაკვეთებში მოხმარების შემცირებას და მოთხოვნის ზრდას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი”,- განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, როგორც ხმალაძემ განმარტა, “ეს გულისხმობს პარკირების საფასურის შემოღებას საათობრივ საწყისებზე, ანუ საათის მიხედვით განისაზღვრება პარკირების საფასური”.
“ისეთ ადგილებში, სადაც მაღალია მოთხოვნა საპარკინგე ადგილებზე, ზონალურ-საათობრივი საფასურის სისტემა შემოვა. დანარჩენ ადგილებზე, დარჩება იგივე სისტემა, რაც დღეს არის”,- აღნიშნა ხმალაძემ და დასძინა, რომ წლიური 50-ლარიანი საფასურის გარდა, შემოვა პარკირების საათობრივი საფასური. მისივე განმარტებით, ეს არის დამატებითი მასტიმულირებელი საშუალება, რომ შემცირდეს კერძო ტრანსპორტის მოხმარება და გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება.