ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც იტალიაში მრავალი წელი ემიგრანტად ცხოვრობდა, სოციალურ ქსელში ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ქალების შესახებ წერს.
ცისნამი საყვარლიშვილი ამბობს, რომ ნეაპოლში მყოფი ემიგრანტი ქალები „მარტო თავიანთ ოჯახებს კი არა, მთელს საქართველოს ინახავენ“.
„თუკი ნეაპოლში ერთხელ მაინც მოხვდებით, აუცილებლად უნდა გაიაროთ პიაცა გარიბალდზე და მის გარშემო მდებარე პატარა ქუჩებზე.
ადვილად შეამჩნევთ შრომისგან გადაღლილი ქართველი ქალების სახეებს.
დადიან დიდი ჩანთებით. აგზავნიან ყველაფერს, რაც გააჩნიათ. ბოლო კაპიკს იტოვებენ, რომ საღამოს ისევ სამსახურში დასაბრუნებელი ავტობუსის ან მეტროს ბილეთი იყიდონ.
სადღაც პაკისტანელების საშაურმეში სადილობენ, რომ ეკონომია გააკეთონ.
ეს ქალები მარტო თავიანთ ოჯახებს კი არა, მთელს საქართველოს ინახავენ. თან როგორ ყველა ერთმანეთს ჰგავს, დასიცხული ხელებითა და ჩაცრემლებული თვალებით. ზოგს წლებია საკუთარი შვილები და ოჯახის წევრები არ უნახავს. ასე დარდსა და ტკივილში გაჰყავთ დღეები. მუხლჩაუხრელი შრომობენ და ზოგს დასვენების დღეც კი არ აქვს.
არა მგონია, რომელიმე მათგანი ბედნიერი იყოს. ზოგი დალაგებაზე მუშაობს, ზოგი ავადმყოფ მოხუცთან.
კვირაში ერთ დღეს ძლივს იმეტებენ საკუთარი თავისთვის, რომ სუფთა ჰაერზე გამოვიდნენ. თუკი იქაურობას სუფთა ჰქვია.
იწვის და იფუფქება ზაფხულში ნეაპოლი. წესიერად ვერ ჩაისუნთქავ და ამოისუნთქავ.
კიდევ ის, რომ ნაგავს მიაქვს იქაურობა. ამაყად დგას შუა ქუჩაში ნაგვის გორები.
კრიმინალიც ჭარბობს. ყველა გაფრთხილებს, რომ ოქრო არ გაიკეთო, ჩანთას მაგრად მოჰკიდო ხელი და ფრთხილად იყო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან ლამაზია ნეაპოლი. ზღვაში მდგარი დიადი ციხესიმაგრეებით.
იქაური მიწა ინახავს დიდ წარსულს, ანტიკურ ქალაქებს. პომპეი ნაპოლთან ახლოსაა და თვალს მოგჭრით მისი სიძველე. ბაია – ზღვაში ჩაძირული ქალაქი ხომ თავად ზღაპარია.
მუდამ მოჩუხჩუხე, ცოცხალი ვულკანი ვეზუვი ამაყად დაჰყურებს ქალაქს.
ნეაპოლს ნეაპოლეტანელები შეგაყვარებენ, რადგან ძალიან გულიანი და კეთილი ხალხია.
და თუ იგებენ რომ ქართველი ხარ, ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნიდან, ზედ გადაგყვებიან. მათთან პურის ჭამას და სიმღერას არაფერი სჯობია.
მადლობა ნეაპოლი! მე შენ მიყვარხარ!“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.
თუკი ნეაპოლში ერთხელ მაინც მოხვდებით, აუცილებლად უნდა გაიაროთ პიაცა გარიბალდზე და მის გარშემო მდებარე პატარა…
Posted by Tsisnami Sakvarlishvili on ორშაბათი, 07 აგვისტო, 2023