LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაერთვება თუ არა ევროპა ომში ცოცხალი ძალით: რუსეთი ბირთვული იარაღით იმუქრება

1031
ftcms0025a9b2-0aed-46fd-b43b-609

რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის კავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია და აქტუალობას არ კარგავს რუსეთის ომი უკრაინაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ სერიოზული მსჯელობა მიდის ევროპელ ლიდერებს შორის. ცოტა ხნის წინ პარიზში შედგა საფრანგეთის პრეზედენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა. სერიოზული განხილვა წარიმართა თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ევროპა უკრაინას. ერთმნიშვნელოვნად პოზიციონირება იყო, რომ პუტინის რუსეთმა ვერ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მაგრამ ბუნებრივია ყველას კარგად ესმის, რომ კონკრეტული სამხედრო დახმარების და ამ დახმარების ტემპების ზრდის გარეშე უკრაინას ძალიან გაუჭირდება ამ გამარჯვების მოპოვება.

ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აშშ-დან დახმარება და შტატების მხრიდან სამხედრო დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, სულ უფრო აქტუალური გახდა ევროპიდან სამხედრო შეიარაღების მიწოდება უმოკლეს ვადებში.
პირველი და უმთავრესი, რა თქმა უნდა, გახლავთ საარტილერიო ჭურვების დამზადების ტემპების ზრდა და ევროკავშირის გარეთ ამ ჭურვების შეძენა. ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის შეძენის თაოსნობას იღებს. ოფიციალურად არ სახელდება, მაგრამ მაღალი ალბათობით, სამხრეთ კორეა არის ის ქვეყნა, რომელიც შესაბამისი ანგარიშსწორების შემდეგ, მიაწვდის ამ შეიარაღებას. ახლა უკვე მიმდინარეობს ფინანსების მოძიება. ამაში აქტიურად არიან ჩართული არა მარტო ევროპული კავშირის წევრი ქვეყნები. სულ ბოლო ინფორმაციით, ამ მიზნებისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს ბელგიის მთავრობა, მანამდე იყო საუბარი ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხრიდანაც. კანადის მთავრობა ასევე მზად არის თანამოწილეობა მიიღოს და კონკრეტული ციფრებიც დაასახელა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ოდენობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საარტილერიო დუელსა და ფრონტის ხაზზე წონასწორობა აღდგეს, რადგან ამჟამად ის აშკარად დარღვეულია რუსეთის სასარგებლოდ.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების კოალიცია: ეს საკითხი დაანონსა საფრანგეთის პრეზიდენტმა და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გულისხმობს გერმანიისა და აშშ-ს ჩართულობასაც, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით გერმანიის კანცლერი პრინციპულად არ თანხმდება ტაურუსის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდოს უკრაინას მიუხედავად იმისა, რომ ოლაფ შოლცზე შიდა პოლიტიკური წნეხი გაზრდილია. კანცლერმა განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაზრდის საფრთხეს, რომ გერმანია უშუალოდ ჩაერთოს რუსეთთან დაპირისპირებაში.

ამ თვალსაზრისით ერთგვარი „წითელი ჩვარის“ ფუნქცია შეასრულა მაკრონისთვის დასმულმა კითხვა, უფრო სწორედ მისმა პასუხმა – არის თუ არა შესაძლებელი და განიხილებოდა თუ არა ევროპის შეიარაღებული ძალებისა და კონტიგენტის გაგზავნის საკითხი. საფრანგეთის პრეზიდენტის პასუხი იყო, რომ განიხილება ყველა შესაძლებლობა, რომ მაგიდაზე არის მსჯელობისთვის ყველა ოფცია და არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
ამან ბუნებრივია გამოიწვია დიდი მითქმა-მოთქმა და ევროპელი ლიდერებისა და ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები. უმრავლესობამ უარყო და გამორიცხა ცოცხალი ძალით მონაწილეობა, თუმცა ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა დაახლოებით ისეთივე სტილში გასცა პასუხი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში: დიახ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და ევროპა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.

ამას უმწვავესი რეაქცია მოჰყვა რუსეთის მხრიდან. როგორც კრემლის პრეს-სპიკერმა, ისე უშუალოდ ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რუსეთს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში აქვს ბირთვული იარაღი.
რუსეთს აქვს სამიზნეები ევროპის ტერიტორიაზე, ისევ როგორც ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს აქვთ. თუ რუსეთს მოუწევს ბირთვული იარაღის გამოყენება, მაშინ იქნება მესამე მსოფლიო ომი, იქნება ბირთვული ომი და იქნება ცივილიზაციის დასასრული.

ვციტირებ პუტინს, უფიქრდება კი ევროპის ქვეყნები ამ განცხადებებით რამხელა რისკს იღებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ არის მზად აშშ-სთან სტრატეგიული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე სალაპარაკოდ, რადგან ის არ ითვალისწინებს რუსეთის სხვა ინტერესებს, კონკრეტულად უკრაინასთან და შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით. ამიტომაც ის მიიჩნევს, რომ ამჟამად დიალოგს აზრი არ აქვს და ეს არის წინაასარჩეევნო დემაგოგია. პუტინი ამბობს, რომ მზად იქნება, როდესაც გაითვალისწინებენ რუსეთის ინტერესებს, ახლა კი ამის პერსპექტივას რეალურად ვერ ხედავს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები