LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთის რეაქცია რუსეთს აწყობს: პუტინი ხედავს დახმარების შეფერხებას და იერიშებს აძლიერებს – რას უფრთხის აშშ

734
ომი უკრაინაში

რუსეთი ბოლო პერიოდში გააქტიურებულია უკრაინის ფრონტზე და ბომბავს როგორც მნიშვნელოვან ობიექტებს, ასევე იერიში მიაქვს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.

უკრაინა კი კვლავინდებურად ცდილობს მიიღოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, მაგრამ აქ ჩნდება ახალი, ძალიან საყურადღებო საკითხი – დასავლეთი ფეხს ითრევს ამ ტიპის დახმარებაზე და თან არც ის მოსწონს, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში.

ეს ყველაფერი ხელს აძლევს პუტინს და რუსეთს გარკვეულ უპირატესობას აძლევს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შემთხვევაში. სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“.

„რუსეთის აგრესია გრძელდება და გრძელდება აქტიური დაბომბვა. ათეულობით რაკეტა და დრონი გამოიყენეს. განსაკუთრებული სამიზნეა ქალაქი ხარკივი. რუსებისთვის მთავარ სამიზნეს ძირითადად სამოქალაქო და ენერგო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. სამწუხაროდ, არის სამოქალაქო მსხვერპლი. ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა უკვე მერამდენედ მიმართა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, კიდევ უფრო კონკრეტულად პატრიოტის სისტემების მიწოდების თაობაზე.

საერთო ჯამში, საკმარისი იქნება 26 პატრიოტის სისტემა ყველა დიდი ქალაქის სტრატეგიული ობიექტის დასაცავად. უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ გარკვეული, ასე ვთქვათ, შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მიერ რუსული ნავთობ გადამამუშავებელი ობიექტების დაზიანების და მათზე დრონებით შეტევის გამო. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მწყობრიდან გამოყვანამ შესაძლოა იმოქმედოს გლობალურ ნავთობმომარაგების დინამიკაზე.

დახმარება ისედაც შეფერხებულია. ოსტინი მიმართავს ამერიკელ კანონმდებლებს, რომ თუ დავაგვიანებთ და არ მივაწვდით დროულად დახმარებას, მაშინ შესაძლოა უკრაინა დამარცხდესო. საუბარია 260 მილიარდი დოლარის დახმარებაზე, რომელიც ვერც კი გადის კონგრესში განსახილველად და კენჭისყრაზე. ეს ძალიან სახიფათო გზავნილებია და პირველ რიგში ვლადიმირ პუტინის ყურისთვის, რომელიც გრძნობს და ხედავს, რომ დახმარება ფერხდება და როდესაც დასავლეთი გამოყოფს დახმარებას, მაგრამ მაინც ცალი თვალით რუსეთისკენ იყურება, პუტინი მიიჩნევს, რომ მოკლე დროში მაქსიმალურ შედეგებს და უპირატესობას მიაღწევს და შეძლებს კიდევ უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

მოლაპარაკებას რაც შეეხება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში გაიმართება დიდი სამშვიდობო სამიტი. 80-100-მდე ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებიან და უკრაინას ექნება ძალიან კონკრეტული წინადადებები. ასევე შემუშავდება ვრცელი დეტალური გეგმა, რომელზეც შესაძლებელი იქნება შემდგომში მუშაობა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეთანხმება ამ გეგმაზე. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მოლოდინი და სურვილი, რომ სამიტში მონაწილეობა მიიღონ გლობალური სამხრეთის ქვეყნების – ბრაზილიის, ინდოეთის და სხვა მნიშვნელოვანი ქვეყნების, საუდის არაბეთის, გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებმა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩინეთის მონაწილეობის საკითხიც.

პირველი რეაქცია და პასუხი არის შედარებით პოზიტიური და იმედისმომცემი. ასევე არის მოლოდინი და მიმდინარეობს მზადება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მონაწილეობაზე. ეს ბუნებრივია დამოკიდებულია იმაზე რა შემადგენლობა იქნება სამიტზე.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ მანამდე უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინამ დროულად მიიღოს სათანადო სამხედრო დახმარება, რადგან როგორც ფრონტის ხაზზე, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, უკრაინას დღითი დღე სულ უფრო მეტი პრობლემები აქვს“.

ფოტო: cnn

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები