LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ გამოფხიზლება დაიწყო: ევროკავშირში დომინანტური გეოპოლიტიკა გახდა – რა ნაბიჯები უნდა გადადგას გადასარჩენად

708
20231021_EUD000

გადაცემის „მსოფლიო, როგორც ასეთი“ სტუმარი იყო დიპლომატი, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანახელმძღვანელი და პროფესორი, ილია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი გია ჯაფარიძე, რომელმაც წამყვანთან, პოლიტიკურ მიმომხილველ ბუკა პეტრიაშვილთან ერთად განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხები, როგორიცაა ევროპის მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება და საერთაშორისო ველზე მისი ერთ-ერთ მთავარ და ძლიერ მოთამაშედ დარჩენის შესაძლებლობა.

ცალკეული ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპაში არის ასეთი ვითარება: საფრანგეთის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერის წინააღმდეგ. რამდენად მწვავეა ეს უთანხმოება და რითია განპირობებული ემანუელ მაკრონის ამბიციები?
რასთან გვაქვს საქმე? ეს არის შიდა ევროპული დაპირისპირება საფრანგეთსა და გერმანიას შორის? ეს არის მაკრონის ამბიცია წარუძღვეს ევროპას ისტორიულ მომენტში
თუ კონკრეტულად ვერშემდგარი ქიმიაა, რითაც პუტინის საქმე კეთდება?

დავიწყოთ იმით, რომ კარგია, „ვაიმარის სამკუთხედის“ აღდგენა რომ ხდება („ვაიმარის სამკუთხედის” წევრი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი). ეს ფორმატი არის დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ერთიანობის ერთგვარი სიმბოლო.
რასთან გვაქვს საქმე?
რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ ევროპამ გამოფხიზლება დაიწყო. გააცნობიერეს, რომ დაშოშმინების პოლიტიკამ არა თუ შედეგი არ გამოიღო, არამედ ნეგატიური შედეგი მოიტანა. ამ გამოფხიზლების ნაწილი არის ისიც, რომ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში გააცნობიერეს, რომ ევროპის კავშირი უნდა იყოს გეოპოლიტიკური პოლუსი. თუ ზოგადად ევროპულ ცივილიზაციას უნდა რომ გადარჩეს და ევროპის კავშირს სურს, იყოს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ძალაუფლების ერთ-ერთი პოლუსი, მარტო ცალკე აღებულ ბერლინს, პარიზს, რომს თუ სხვებს გაუჭირდება მომავალში კონკურენცია გაუწიოს გნებავთ პეკინს, გნებავთ დელის, იგივე ბრაზილიას, აღარ ვსაუბრობ, რომ რუსეთი ჰყავთ და შეერთებული შტატები. ამ ეტაპზე არიან ამ განწყობაზე, რომ ევროკავშირში დომინანტური გახდა გეოპოლიტიკა.

ამით აიხსნება საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაც. ეს თავიდან ბოლომდე იყო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, გამომდინარე ევროპის კავშირის ინტერესებიდან. ევროკავშირი ამიერიდან მხოლოდ გეოპოლიტიკური მოთხოვნებით განპირობებულ ნაბიჯებს გადადგამს.

ბუნებრივია, ასეთ პირობებში გაჩნდა კონკურენცია. ცხადია, საფრანგეთსა და გერმანიას შორის იქნება ერთგვარი ჭიდილი ვინ იქნება პირველი ვიოლინო.

გვერდს ვერ ავუვლით აშშ-ს. დაიწყო ევროპამ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მზადება მეტი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის კონტინენტის მაღალი ავტონომიით გადაწყვეტილებების მიღებებისა და ქმედებებისთვის?

დაიწყო. საუბრები გვქონდა მნიშვნელოვან ანალიტიკურ ცენტრებში და ყველგან ერთი და იგივე ჟღერდებოდა. მიუხედავად იმისა ტრამპი გაიმარჯვებს თუ არა, ჩვენ ეს გასაკეთებელი გვაქვს; ჩვენ ეს აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა; ომი კარზე მოგვადგა და გვიან, მაგრამ გამოვფხიზლდით… მით უმეტეს თუ ტრამპი იგებს საპრეზიდენტო არჩევენებს და რასაც ამბობს ნაწილის შესრულებას მაინც აპირებს. ევროკავშირი მივიდა იმ ეტაპამდე, რომ თუ აღმოსავლეთით გაფართოება მოხდა 2030 წლისთვის, მაშინ ევროპა ამით, აქ დასრულდება. მეტი ევროპული სახელმწიფო უბრალოდ აღარ არის. შესაბამისად, ეს იქნება ევროპული ინტეგრაციის პროექტის ბოლო გაფართოება.
როგორც ჩანს, ევროპა მიხვდა, რომ იმის ფუფუნება საკუთარ თავდაცვაზე ნაკლები იფიქროს და ამ უმოქმედობის მიზეზი ამერიკული ქოლგა იყოს, დასრულდა და ახლა უწევს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.
შექმნილმა ვითარებამ დააჩქარა ეს პროცესები. პირველ რიგში, საკუთარი თავის მეტი უსაფრთხოებისკენ. რუსეთი კი არის მყისიერი საფრთხე, მაგრამ თუ ევროპას სურს დარჩეს პოლუსად, მარტო რუსეთი ხომ არ არის საერთაშორისო პოლიტიკაში. არის მზარდი გავლენების ჩინეთი. არ ვიცით როგორ წავა შეერთებული შტატები. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ რასაც დონალდ ტრამპი ამბობს, ამან ევროპა შესაძლოა გააძლიეროს კიდეც. თუ აშშ დატოვებს იმ წესრიგს, რომელიც დიდწილად მისი შექმნილია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რამაც განაპირობა მისი დომინანტური პოზიცია, მაშინ შტატები უფრო სუსტი საერთაშორისო აქტორი გახდება, ვიდრე არის მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოყოლებული დღემდე.

დონალდ ტრამპის არჩევამ შეიძლება ევროპა უფრო მეტად გამოაფხიზლოს და უფრო ფუნდამენტური ნაბიჯები გადადგას, რათა იყოს ერთ-ერთი ძალაუფლების პოლუსი მსოფლიოში, ხოლო ტრამპის პოლიტიკამ შეერთებული შტატები შეასუსტოს, როგორც მთავარი ძალაუფლების პოლუსი.
ის 4 წელიწადი, რაც ტრამპი იყო პრეზიდენტი, ამან უკვე შეასუსტა შტატები. მსოფლიოს ბევრ წერტილში ძალაუფლების ვაკუუმი გააჩინა, რომლის შესავსებად ყოველთვის მზად არიან რევიზიონისტული ძალები (მიმდინარეობა, რომელიც მოითხოვს რაიმე თეორიის, სწავლების, შეხედულების გადახედვას, რევიზიას). მართალია, იმის უნარი არ შესწევთ, რომ დაბრუნდნენ დიდი ძალების ლიგაში, მაგრამ ყოველთვის აქვთ სურვილი ეს ამბიციები დაიკმაყოფილონ. რამდენად შეძლებენ ეს სხვა საკითხია, მაგრამ მათი ეს მცდელობები აზიანებს დიდწილად ისეთ სახელმწიფოებს როგორიც ჩვენ ვართ, რადგან რევიზიონისტული ძალები სამწუხაროდ ჩვენს გარშემო ძალიან ბევრია. იმ სამკუთხედში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, სამივე ამჟღავნებს რევიზიონისტულ მისწრაფებებს.

ფოტო: economist

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები