რატომ არ ართმევს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეობას აშშ-ს მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს – პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მისთვის პრეზიდენტის „სქემა“ გაუგებარია.
როგორც გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ამით მხოლოდ კმაყოფილი იქნება.
„რა მიზანს ემსახურება სალომე ზურაბიშვილის ეს ჩახლართული სქემა? ეს არის პოლიტიკურად მიზანშეუწონელი და სამართლებრივად სადაო. რისი თქმა უნდა არ ვიცით. ერთი რამ ფაქტია, რომ ეს ძალიან უხარია „ქართულ ოცნებას“, ვინაიდან 2 წლის განმავლობაში ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტდნენ, იცოდნენ რა რომ ის რუსეთის მოქალაქე იყო. ეგონათ, რომ ეს საქმე არ გასკდებოდა. ახლა სხვა გამოსავალი არ აქვთ.
ყოფილი მთავარი პროკურორი სანქცირებულია აშშ-ს მიერ, აგენტად არის აღიარებული და იძულებული ხდებიან, რომ კანონი დაიცვან, ვინაიდან შეუძლებელია, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიღებული კაცი საქართველოს მოქალაქე იყოს. ახლა ვხედავთ რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს არ დააკმაყოფილა და ამით ხელისუფლება მხოლოდ ბედნიერი იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ გადაცემაში „დღის თემა“.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პროცედურები კიდევ ერთხელ განმარტა.
„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს.
მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
