LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაკვეტაძეს გოლი არ ჩაუთვალეს, მჭედლო და ოქრი დაბრუნდნენ

v2_large_8a70fce3c318a1c010cd81274d844903cfd5c588

გიორგი ჩაკვეტაძემ კი ბელგიაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და მთავარი მოვლენის გმირი იყო. მისმა „გენტმა“ საკუთარ სტადიონზე „ანტვერპენს“ უმასპინძლა (0:0). გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა. ერთ-ერთ ეპიზოდში 19 წლის ქართველმა ლამის 30 მეტრიდან დაარტყა და მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა – ვიდეოზე გარკვევით არ ჩანს, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა, არბიტრმა კი გოლი არ ჩათვალა.

არჩათვლილ გოლს voetbalkrant.com-ი გამოეხმაურა.
მიმომხილველი იანიკ ლაკრუა აღნიშნავს, რომ სტადიონზე მსაჯის ნიკოლას ლაფორჟეს გარდა ყველამ დაინახა ჩაკვეტაძის მიერ თურქი მეკარის სინან ბოლათის კარის დალაშქვრა.
ლაკრუას აზრით, არბიტრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

 

ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანზე გამოჩნდა – ის თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო. მსაჯის მიერ დამატებულ დროში „ემპოლიმ“ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, 3:2 მოიგო (0:2-ს აგებდა) და ბოლო სამეულს თავი დაღწია.

“კრასნოდარის” ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში “არსენალთან” მატჩში მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე.
შეგახსენებთ, ოქრიაშვილმა ტრავმა ოქტომბერში საქართველოს ნაკრებში მიიღო.
ტულელთა მცველმა გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.
მატჩი “კრასნოდარმა” 3:0 მოიგო.

 

ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმმა“ გასვლაზე „ალტახს“ 2:0 სძლია. სტუმართა რიგებში ოთარ კიტეიშვილმაც ითამაშა – სანაკრებო შეკრებაზე დაშავებული ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის „შტურმის“ მაისურით ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და 67-ე წუთზე შეცვალეს.

 

დანიის მეჩვიდმეტე ტურში “ვენდისელმა” “ეისბერგს” უმასპინძლა – 1:1.
სტუმართაგან ერთადერთი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა მატჩის 55-ე წუთზე გაიტანა.
ეს 25 წლის ფეხბურთელის მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.

 

უნგრეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გიორგი ბერიძის “დოჟა უიპეშტი” სახლში “პაკშის” დაუზავდა 1:1.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და მე-60 წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ მისმა გუნდმა 84-ე წუთზე საპასუხო გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.
21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მადიართა პირველობის 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სლოვაკეთის მე-16 ტურში თავი გამოიჩინა ვახტანგ ჭანტურიშვილმა. საქართველოს ნაკრების წევრმა, რომელიც ტრნავას „სპარტაკის“ ღირსებას იცავს, „ნიტრა“ დაამწუხრა.
ჭანტურიშვილმა 54-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა (1:1), ხოლო ორ წუთში ისევ იაქტიურა, რის შედეგადაც, ილმაზმა მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, „სპარტაკმა“ მატჩის მიწურულს ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ უქულოდ დარჩა – 2:3.
ეს ჭანტურიშვილის მესამე გოლია მიმდინარე სეზონში. მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი დავით სხირტლაძე მოედანზე 89 წუთის განმავლობაში იყო.

 

უკრაინის მე-16 ტურში დონეცკის “შახტარმა” “ლვოვი” ვერ დაამარცხა და მოულოდნელად ორი ქულა დაკარგა (0:0). შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ, რომელსაც სხვათა შორის გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლო.
65-ე წუთზე მისი თავური ოდნავ ზემოდან გადასცდა სტუმართა კარს, ხოლო მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე მეკარემ აჯობა.
ნამატჩევს ხოჭოლავამ შეხვედრა შეაფასა:

„პირველ რიგში მეტოქე უნდა შევაქოთ, „ლვოვი“ კარგი გუნდია ძლიერი მწვრთნელით, რომელმაც ღირსეულად ითამაშა. დაცვაში კარგად მოქმედებდა და კონტრშეტევებზე სახიფათოდ თამაშობდა. თუმცა, შედეგი მხოლოდ ჩვენი ბრალია. გოლი უნდა გაგვეტანა და სამ ქულას მოვიპოვებდით.

სახიფათო მომენტები კუთხურების შემდეგ? – ჩვენ სტანდარტულ მდგომარეობებზე ვმუშაობთ და დღეს მქონდა მომენტები, როდესაც გატანა შემეძლო. ეს შედეგი მალე უნდა დავივიწყოთ და შემდეგ მატჩებს ფსიქოლოგიურად მზად უნდა შევხვდეთ“, – ციტირებს ხოჭოლავას სიტყვებს „დონბასელთა“ ვებგვერდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები