LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოაწერენ თუ არა ბანკები მოვალეებს უიმედო, ვადაგადაცილებულ სესხებს?

67

ფიზიკურ პირებს შესაძლოა, უიმედო ვადაგადაცილებული სესხები ჩამოაწერონ. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ავტორმა, „თავისუფალი-დემოკრატების“ წევრმა დავით ონოფრიშვილმა წარმოადგინა.

„ამ კანონპროქტის ამოქმედების შემთხვევაში, ათასობით ჩვენს მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა განთავისუფლდეს უიმედო სესხის და სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან, ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებული შიდა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ფინანსური ინსტიტუტების მიერ ვადაგადაცილებული სესხების უიმედო ვალად აღიარება და გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან გარკვეულ პროცედურებს და ხარჯებს საჭიროებს, ხოლო პატიების შემთხვევაში, ნაპატიები სესხი კანონმდებლობით დაბეგვრას ექვემდებარება. ამის გამო, ფინანსური ინსტიტუტები თავს იკავებენ ამგვარი ნაბიჯებისაგან.

ონოფრიშვილის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია გარკვეული შეღავათების დაწესება, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფიზიკური პირებისათვის სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელის, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული თანხა წარმოადგენს ფიზიკური პირისთვის შემოსავალს, რომელიც ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას.

ამასთანავე, ფინანსური ინსტიტუტისებს მიეცემათ ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის შესაძლებლობა. „ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრი ფიზიკური პირია, რომლებიც წლებია ვეღარ იხდიან, ვერ ემსახურებიან სესხებს, ვერ იცავენ იმ საკონტრაქტო ვალდებულებას, რაც ბანკსა და ფიზიკურ პირს შორის იყოს დადებული. ამის შესახებ ცნობილია ბანკისთვისაც. ჩვენს ქვეყანაში ხშირად იყო ბევრი ისეთი ფაქტორი, რის გამოც ამ ადამიანებმა ვეღარ მოახერხეს მომსახურების გადახდა. თუნდაც 2008 წლის ომი და შემდგომი მოვლენები ავიღოთ. ასევე ფინანსური კრიზისი, ლარის კურსის გაუფასურება და ასევე გამოუცდელობაც. ეს ინიციატივა ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს აქვს ადრე აღებული სესხი, რომელსაც ვერ ემსახურება და ბანკსაც თავისი შიდა პროცედურებით, უკვე ჩამოწერილი და რეზერვირებული აქვს, როგორც უიმედო სესხები“, – აცხადებს ონოფრიშვილი.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველ ნაწილში და ემატება „ჰ4“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი. ფინანსური ინსტიტუტი კი უფლებამოსილია ფიზიკური პირისთვის (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება თარიღი და ეს შეეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ფინანსური ინსტიტუტისაგან (კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან) მიღებულ სესხზე ვადაგადაცილება 2014 წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკი, თუმცა მათი განცხადებით, საჭიროა რიგი საკითხების დაზუსტება, რათა შემდგომ გარკვეული გაუგებრობა არ მოხდეს და, სასესხო ვალდებულებებთან მიმართებით, არარეალური მოლოდინები არ შეიქმნას.

„მნიშვნელოვანია, სათანადოდ შეფასდეს და გაანალიზდეს, თუ რა გავლენას იქონიებს შემოთავაზებული ცვლილებები საფინანსო სექტორზე“, – განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g