შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების განცხადებით, შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ.
„ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.
გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ“. – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, რუსი აქტივისტის რაფაელ შეპელევის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.