პარლამენტის თავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას – გადადგეს პრემიერი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა – ძალაუფლების მიტაცების სურვილად აფასებს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დემოკრატია ასე არ მუშაობს:
“ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი, დემოკრატიის და დემოკრატიის პროცედურების გვერდის ავლით. არაფერი არ იცვლება, სამწუხაროდ, რიგი პოლიტიკური ჯგუფებისა, მათ შორის, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები დაუბრუნდნენ 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას, იგივე სახეებს ვხედავთ, იმავე მოწოდებებით.
გასაგებია, არის პოლიტიკური ჯგუფები, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც არ სურთ, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში იყოს, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს, დემოკრატია მუშაობს არჩევნებით. არჩევნებზე როგორც გადაწყვეტს ქართველი ხალხი, ამას უნდა მიჰყვეს ყველა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, აქტივისტი თუ ასე შემდეგ – ამას ჰქვია დემოკრატია…
ეს საუბრები, არის მიბრუნება, ისევ იგივე წრეზე შესვლა და იგივე სპირალშია მოხვედრილი ახლა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი ნაწილი, სპირალი, რასაც ჰქვია დემოკრატიის მიტაცება, დემოკრატიის გვერდის ავლით, რასაც, რა თქმა უნდა, როგორც სხვა დროს ვერ შეძლეს, ახლაც ვერ შეძლებენ. დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში გვერდს ვერავინ ვერ აუვლის”, – თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმითვე, პოლიტიკაში ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. პარლამენტის თავმჯდომარე მათ მიმართავს – რეორგანიზდნენ პოლიტიკურ პარტიებად:
“სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ეწინააღმდეგება მათ ნეიტრალობის პრინციპს, მაგრამ დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია პოლიტიკის მონაწილეა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან. მათ მიმართ მოწოდება მექნება, რომ ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და უნდა ამ დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყოს, რეორგანიზდეს პოლიტიკურ პარტიად, შემოვიდეს ჩვენს მოედანზე, როგორც პოლიტიკური პარტია, გაამხილოს თავისი თავი პოლიტიკურ პარტიად და იბრძოლოს ამ ველზე და არა სხვა ველზე, არასამთავრობო სექტორის თუ მედიის ველზე, რომ იქიდან კვაზიარასამთავრობო, კვაზიმედიის სახით იყოს და რეალურად, პოლიტიკური პარტიის როლს ასრულებდეს”, – თქვა მან.
კითხვაზე, რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საპარლამენტო უმრავლესობა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის შეცვლას, სადაც საუბარი არ არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების მიერ მთავრობის დაკომპლექტებაზე, პაპუაშვილის პასუხობს:
“აქ საპარლამენტო უმრავლესობის აზრი კი არ არის გადამწყვეტი, აქ არის ხალხის აზრი გადამწყვეტი. ხალხი ეწინააღმდეგება ამას, ვინაიდან, არჩევნებზე ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა უნდა ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“, რომ მთავრობა უნდა დაეკომპლექტებინა „ქართულ ოცნებას“, ეს არის დემოკრატიული მანდატი და ამის გვერდის ავლის მცდელობაა. ხალხმა თქვა, რომ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს „ქართულმა ოცნებამ“. ახლა ზოგიერთი პარტია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ, არა – ხალხის გადაწყვეტილებით კი არ უნდა იყოს ეს წონა და დაკომპლექტება, არამედ ისე, როგორც ამას ჩათვლის საჭიროდ რამდენიმე თვითგამოცხადებული დემოკრატიული ელიტის წარმომადგენელი”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს.
ამის შესახებ 24 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – “შინ ევროპისკენ” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებას 1 კვირის ვადა მისცა.
მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება.