რადიო „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, მიკი ჯეჯელავას გადაცემაში „უსმინე ახალს“ გიორგი თორაძის, იმავე თორჩოს სიმღერის პრემიერა შედგა. ანსამბლ „ივერიის“ ძველი კომპოზიცია „ტაქსი“ მან ახლებურად შეასრულა და კლიპიც შემოგვთავაზა.
თორჩო:
სასიამოვნოდ დავიღალე, რადგან გამოვუშვით ახალი ტრეკი. ეს არის ქავერი, ადრე „ივერია“ მღეროდა. მთელი დღეა დავრბივარ – პოდკასტში ვიყავი, სატელევიზიო ჩართვა მქონდა და ახლა მოვედი აქ, რაც ძალიან მიხარია.
ზოგადად, როგორ მიმდინარეობს თორჩოს ამჟამინდელი შემოქმედებითი ცხოვრება, სანამ სიმღერას მოვისმენთ, დეტალურად მოგვიყევი…
საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ მე და ჩემი გუნდი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ ალბომი, რომელზე მუშაობაც დიდი ხანია დავიწყეთ. ახლა ვცდილობთ, მაქსიმალურად სწორი სიმღერები ავარჩიოთ, რომ მერე გავაკეთოთ შოუ, ხალხის წინაშე ლაივპერფორმანსებით რომ წარვდგეთ. გიორგი სანოძე, გიორგი ბულბულაშვილი, პროდიუსერები და მენეჯერი – მარი შარმანი – ისინი წარმოადგენენ ჩემს გუნდს. თუმცა როლები პირობითად გვაქვს განაწილებული, ყველა ყველაფერში ვერევით, მუსიკალურ ნაწილში და ტექსტშიც. საბოლოო ჯამში, მაინც ჩემი თავიდან ამოვდივართ ოთხივე, თუმცა ის მიდგომა არ მაქვს, რომ როგორც მე ვიტყვი, ისე უნდა იყოს, საკმაოდ საინტერესო და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მიწევს მუშაობა.

რაც აქამდე მოვისმინეთ, ზუსტად გამოხატავს შენს თავს, გაქვს შენი ხელწერა, რაც გამოგარჩევს სხვა ქართველი არტისტებისგან და ხარ იქ, სადაც უნდა იყო. დავიწყოთ სიმღერით, რომელიც იყო პირველი, ეს არის „კარმა“, რომელიც ერთი დუბლით არის გადაღებული.
ასეა და საინტერესო იყო მუშაობა, როგორც მუსიკაზე, ასევე კლიპზე. ესეც მეგობრების თავმოყრით და ერთიანი იდეით გადავიღეთ…
შემდეგი იყო „გეწყინა…“
„კარმა“ იყო ერთჯერადი პროექტი, რომ გვეცადა და გვენახა, რამდენად შეგვძლო ხარისხის დადება და ვფიქრობ, რომ ეს შევძელით. რაღაც პერიოდის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ რადგან ერთი სამეგობრო ვართ, შეგვიძლია, საქმეც ერთად ვაკეთოთ. დავიწყეთ ალბომზე მუშაობა. პირველი სინგლი, რომელიც გამოვუშვით, იყო „გეწყინა“.
ცოტა პროვოკაციული და ავანტიურისტული, რაც საჭიროა პოპკულტურაში შესასვლელად… შემდეგ იყო „მინდა, მინდა, მინდა“, რომელიც რადიკალურად განსხვავდება წინამორბედებისგან კონტექსტით…
მანამდე იყო „ზარდახშა“, რომელსაც სამწუხაროდ, ვიდეო არ ჰქონდა. „მინდა, მინდა, მინდა“ ნამდვილად სხვა ჟანრია. „ტაქსიც“ – სხვა. ძალიან გვსიამოვნებს. იმდენად მრავალფეროვანი გემოვნება გვაქვს ოთხივეს, რომ ამ პროექტს საინტერესოს ხდის, იდეები რომ გვიჩნდება მუსიკასთან დაკავშირებით, იმდენად მოგვწონს, რომ ვერ უარვყოფთ. დიდი მუსიკალური განათლება აქვს იმ სამ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს.

ეს იყო ერთგვარი სათქმელი, რაც როგორც არტისტს, გქონდა?
ეს იყო სათქმელი, რომელიც დაგვიგროვდა. არავინ მღეროდა იმაზე, რაც სათქმელი იყო, ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეთქვა… ერთი პერიოდი არ გახლდით კარგად (იღიმის) და მიხვდი, რომ უნდა გადმომეცა ის, რაც დღეს გვაწუხებს.
ამ პერიოდში, როცა თეატრი გაჩერებულია, ახერხებ, რომ თეატრალური წარმოდგენა მუსიკაში გადმოიტანო...
ამას თავიდან ვერ ვხვდებოდი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მივხვდი, როცა ყველა ამას მეკითხებოდა. სამწუხაროდ, ჩემი თეატრი აღარ არსებობს და ეს არტისტულობა გადმოვიტანე ვიდეორგოლებში. ეს ძალიან მზრდის, რადგან ნიჭიერ რეჟისორებთან ერთად ვმუშაობ.

არ შემიძლია, არ შევეხო „ევროვიზიის“ თემას. ყველა მოწადინებული ვიყავით, რომ წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო შენ უნდა წარგედგინა. რა მოხდა?
არ ვიცი. არჩიეს, რომ წასულიყვნენ „ბზიკები“, მათ ვგულშემატკივრობ, რადგან საქართველოს სახელი უნდა წარადგინონ. მე გავაგზავნე მოთხოვნა და შევთავაზე ჩემი კანდიდატურა. დიდი გამოცდილება დამიგროვდა ჩემს ჯგუფთან, „ქუინთესენსთან“ ერთად. სულ საზღვარგარეთ ვიყავით, სულ კონკურსებზე. მაქვს დიდი გამოცდილება. რაც ჩემი ჯგუფი არ არსებობს და კონკურსებზე აღარ დავდივართ, ვიფიქრე, რომ ვცდი და მზად ვარ კონკურსისთვის.
მოდი, შევეხოთ „ტაქსის“. როგორ გაგიჩნდათ იდეა, რომ გაგეცოცხლებინათ „ივერიის“ ძველი ნამუშევარი?
რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ეს იდეა მე გამიჩნდა, იდეებით არ გამოვირჩევი (იცინის). ვუსმენდი ძველ ქართულ ჯგუფებს, პერიოდი მქონდა, როცა ვეძიებდი ძველ ქართულ ჯგუფებს და მათ შემოქმედებას. ასე გადავწყვიტე, მიზეზი არ ვიცი. „იუთუბი“ რომ აგდებს ალგორითმით შემდეგ ვიდეოს, უცებ ამოვარდა „ივერიას“ „ტაქსი“. იმდენად მომეწონა… ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ბასის პარტიამ, რომელიც ჟღერს ამ ნაწარმოებში. ძველი ვიდეო იყო და ცოტა ნახვა ჰქონდა „იუთუბზე“. რაღაცნაირად მეწყინა, რომ ხალხმა არ იცოდა. გამიჩნდა იდეა ამ სიმღერასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იყო რამდენიმე წლის წინ. პროექტი, რაზეც ახლა ვმუშაობ, არ არსებობდა. ვიფიქრე, ოდესმე თუ რამეს დავაქავერებდი, ეს სიმღერა იქნებოდა. მცირე ხნის წინ, ჩემმა ერთ-ერთმა პროდიუსერმა მითხრა, რომ ძველი ქართული სიმღერის ქავერი უნდა შეგვეტანა ალბომში. „ტაქსი“ მოვასმენინე და არც მათ იცოდნენ. არ შეიძლება ასე, უნდა იცოდნენ. რომ მოისმინეს, ძალიან მოეწონათ და დამთანხმდნენ. ყველაფერს „სანო სტუდიოში“ ვაკეთებთ, მადლობა მერაბ სანოძეს, რომელიც ძალიან მეხმარება.

კარგია, რომ შეუერთდი ამ დიდ ოჯახს. „სანო სტუდიაზე“ დგას მთელი ქართული პოპკულტურა. მოდი, ვახსენოთ ის ადამიანები, ვინც ამ სიმღერის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა: გიორგი სანოძე, გიორგი ბულბულაშვილი, ნიკა მარგველაშვილი (მიქსინგი და მასტერინგი)...
ეს რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს. ასევე ბექვოკალისტები: ნათია სვანაძე, ნაჯო და თათა ოქრუაშვილები, ასევე ანა ჭუმბურიძე. აქედან სამი ჩემი ყოფილი ჯგუფის წევრები არიან, ანა ჩემი საუკეთესო მეგობარია, ვოკალისტი და ვოკალის პედაგოგი. ბექა მინაძე უკრავს გიტარაზე, სანდრო კიკნაძე უკრავს ბასზე არაჩვეულებრივ სოლოს. ვიდეოს ოპერატორი იყო გუკა ჩუბინიძე, მხატვარი: ანა მეტრეველი, რეჟისორი: ლეკო ჭყონია. მე დავაჯერე, რომ რეჟისორია (იღიმის). უნიჭიერესია… ლაშაო გაბუნია არის კოსტიუმების ავტორი.
ვიდეოს კონტექსტიც ერთობლივად მოიფიქრეთ, რომ სეტზე უნდა ყოფილიყო?
ლაშაოსთან რომ მივედი, ვთხოვე, რომ ცოტა დრო მქონდა და ქულ ტაქსისტის სამოსი მჭირდებოდა. ფოტოს გადაღებას ვაპირებდი და სიმღერის ასე დადებას, მხოლოდ ერთი კვირა გვქონდა. ამ დროს მოვიდა ლეკო და დამარწმუნა, რომ ვიდეო უნდა გადაგვეღო.

ამ მოკლე პერიოდში ასეთი ხარისხის შექმნა თუა შესაძლებელია, ბევრი რამ არის ალბათ მოსალოდნელი თქვენი კოლექტივისგან…
ახლა ვინც გვისმენს, ყველას მინდა ვუთხრა, მოისმინეთ და თუ მოგეწონებათ, ძალიან გამიხარდება…
გახდება ეს სიმღერა „ქულ ტაქსისტების“ ჰიმნი?
(იღიმის) ასე მგონია. სულ ტაქსით დავდივარ და მგონია, რომ ძალიან მოეწონებათ.
ორიოდ სიტყვით გვითხარი სამომავლო აქტივობებზე. ვიცი, რომ ბევრი რამ გაქვს დაგეგმილი. ხშირად გამოდიხარ სხვადასხვა ადგილას ლაივსესიებით…
ახლა ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ალბომზე მუშაობაში, სულ ვარ „სანო სტუდიაში“, სხვაგან უბრალოდ არ ვარ… ვმუშაობთ სიმღერებზე, რადგან მალე დავასრულოთ ალბომი. ვცდილობთ, რაც შეიძლება ჩქარა გავაკეთოთ, თან, ისე, რომ ხარისხი არ დავარდეს.
თუ მოვისმენთ ალბომში კოლაბორაციებს?
არა, მხოლოდ სოლო იქნება.