ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მისი გადადგომის შესახებ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოძრაობის მოთხოვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ საკითხზე გადწყვეტილების მიღება “პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა”.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რისი დასტურიც გუშინდელ აქციაზე გაცხადებული წმინდა პოლიტიკური მოთხოვნებია. თურნავას თქმით, მოთხოვნებს არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან.
„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია, რომ გუშინდელ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან, წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები და რა საკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა.
რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. მაგრამ მაინც მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც,” – განაცხადა ნათია თურნავამ.