ჩემი მთავარი გზავნილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ქმედებები ძალიან დამძიმდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღია კარის პოლიტიკასაც და “ნატო-ს მიდგომაა რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა იყოს საქართველოსთან.”
„ჩემი მთავარი გზავნილი დღეს იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან ძალიან დამძიმდა საოკუპაციო ხაზთან რუსეთის ქმედებები. ეს იქნება მცოცავი საზღვარი სხვადასხვა ადგილებზე, გატაცებები, თუ მუქარა, რაც ისმოდა ბოლო პერიოდში, თუნდაც სწორედ ნატო-ს წვრთნების შესახებ.
ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური სათქმელი ჩვენს პარტნიორებთან. იცოდნენ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ, ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენს სამშვიდობო გეგმებს, სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როდესაც იკეტება გადასასვლელი პუნქტები საოკუპაციო ხაზზე,“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარტნიორებმა ყოველდღიურად შეახსენონ რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
“არ შეიძლება შევეგუოთ იმას, რომ მხოლოდ ტექნიკურ დონეზე წყდება, ან არ წყდება ეს საკითხი. რეალურად, პროგრესი რომ გადაწყდეს ეს მშვიდობიანად, არ არსებობს, თუ არ იქნება ჩვენი პარტნიორებისგან ყოველდღიურად გახსენებული რუსეთისთვის, რომ მან უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რაც მიღებული აქვს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება გამარჯვების გზა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
