LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ოჯახის სიცოცხლე რამდენიმე წუთმა იხსნა“ – 2 წელი ვერეს ტრაგედიიდან

გმირთა მოედანზე საავტომობილო საცობია, ესტაკადას მეორე სართულიდან  ზოოპარკის ჭრელი საქანელები და უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსისკენ მიმავალი სტუდენტები ჩანან. გაჩერებაზე, სადაც 2 წლის წინ ბეჰემოთი ბეგი იდგა, ახლა ავტობუსს ელოდებიან…

„ჩემი ოჯახის სიცოცხლე რამდენიმე წუთმა გადაწყვიტა,“ – იხსენებს 13 ივნისის ღამეს რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში წყნეთის ხევის მაცხოვრებელი, დათო მამუკაშვილი.

„ღამის 11 საათი იყო, როცა წვიმა განსაკუთრებულად  გაძლიერდა, ქარი ამოვარდა და საფრთხის შეგრძნებაც გაჩნდა. მალე შუქიც ჩაქრა . სახლში მცირეწლოვანი ბავშვი და ორსული მეუღლე მყავდა, მათ რომ არ შეშინებოდათ და დამემშვიდებინა, გარეთ გამოვედი სიტუაციის გადასამოწმებლად და  საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე დაგუბებული ლაფი დავინახე, რაც მდინარე ვერეს ჩვეულ ადიდებას არ ჰგავდა. სავარაუდოდ, ეს ის დროა, როცა სვანიძის ქუჩიდან წამოსული სტიქიის  მასა პირველ გვირაბთან გაიჭედა და დროებით შეჩერდა.  სასწრაფოდ ჩემს დას დავურეკე, მანქანით მოსულიყო და ტერიტორიიდან გავეყვანეთ.  ჩემი და მოვიდა, ოჯახი მანქანაში ჩავსვი და გმირთა მოედნისკენ დავიძარით,“  – გვიყვება  დათო .

გმირთა მოედნისკენ მიმავალ მანქანას საპირისპირო მხრიდან მოძრავმა  ავტომობილმა ანიშნა, რომ გზა დატბორილი და გაუვალი იყო. იგივე ანიშნეს ტაქსის მძღოლსაც, რომელმაც გზა მაინც გმირთა მოედნისკენ გააგრძელა. დათომ მანქანა ადგილზევე მოატრიალა და საპირისპირო ზოლით საბურთალოსკენ წავიდა.  ეს იყო ის გადამწყვეტი წუთები, რამაც დათოს ოჯახის სიცოცხლე იხსნა. სულ რამდენიმე წამში დაგუბებული გვირაბი გასკდა და სტიქია ვაკე – საბურთალოს დამაკავშირებელ ესტაკადაზე გადმოვიდა.

ფარებანთებული მოცურავე მანქანები, მოძრავი ტალახის მასა, სიბნელე, განწირული ადამიანების კივილი,  – ეს უკვე დათოს მეზობლების მოგონებებია, ამ ყველაფერს ისინი სახლებიდან ხედავდნენ და დახმარებას ვერ ახერხებდნენ.

21 დაღუპული და 2 დაკარგული, 1000- ზე მეტი დაზარალებული ოჯახი,  განადგურებული ინფრასტრუქტურა,  გარეული ცხოველები ქალაქის ქუჩებში  და სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცენდენტო მაგალითი – დღეს ვერეს ხეობის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა.

სტიქიის შედეგად ქალაქის ქუჩებში ლომები,  ვეფხვები, დათვები გამოჩნდნენ,  ქალაქში გამოსულმა ვეფხვმა ერთი ადამინის სიცოცხლეც შეიწირა.  გაჩერებაზე მდგარი ბეჰემოთის და კონდიციონერზე მჯდარი დათვის ფოტოებმა  მსოფლიო პრესის ფურცლები მოიარა. ქართველმა ახალგაზრდებმა სოლიდარობის უპრეცედენტო  მაგალითი აჩვენეს. სპეციალური ტექნიკისთვის მიუვალი, დატბორილი ტერიტორია ათასობით მოხალისემ საკუთარი ძალებით გაწმინდა. თბილისის ახალი ზოოპარკი  დაღუპული მომვლელის, გულიკო ჭიტაძის, სახელობის იქნება, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთებში ცხოველების გადარჩენას ცდილობდა.

13 ივნისის სტიქიური კატასტროფის შემდეგ  ვერეს ხეობის ნაწილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად გამოცხადდა, ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მშენებლობის ნებართვები აღარ გაიცემა. სპეციალისტების შეფასებით, ტრაგედიის ღამეს წყალმა  ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ,რაც საუკუნეში ერთხელ ხდება. სტიქიის შედეგებმა დაგვანახა, რომ დედაქალაქი ეკოლოგიური საფრთხისგან თავის დასაცავად მოუმზადებელი აღმოჩნდა, მაგრამ ამის შემდეგ რა გაკეთდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ზუსტი პასუხი არ არსებობს, მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ სტიქიისთვის ქალაქი მზად არის. ვერეს ხეობაში  სტიქიის შემდეგ განვითარებული მოვლენები ბევრ კითხვას აჩენს.

 

 

 

 

თამუნა გოგუაძე    

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g