LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი პირველი რეაქცია პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებაა, მაგრამ კარგად მესმის რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა: დავით ბაქრაძე

62
დავით ბაქრაძე 1

„დღევანდელი გადაწყვეტილებით 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ, მმართველმა გუნდმა ქვეყანა უაღრესად საშიშ ბეწვის ხიდზე კიდევ ერთხელ შეიყვანა, საიდანაც ყველა ერთად შეიძლება უფსკრულში გადავიჩეხოთ,“ – ამის შესახებ განცხადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძე ავრცელებს.

მისი შეფასებით, მრავალთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, 19 აპრილის შეთანხმებამ შექმნა შესაძლებლობა, დასრულებულიყო კრიზისი, ქვეყანა გამოსულიყო უმწვავესი დაპირისპირების ფაზიდან, ამუშავებულიყო პარლამენტი და ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებული რეფორმებისა და ნაბიჯების გზით, წინ  წავსულიყავით.

„სამწუხაროდ, დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესაძლებლობა ოფიციალურად დაასრულა – ისედაც პოლარიზაციის და ძალადობის ჭაობში მყოფი ქვეყანა დადგა სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი, უმწვავესი საფრთხის წინაშე,“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.

მისი სიტყვებით, არანაკლებ საგანგაშოა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს  ჩვენი ურთიერთობა ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან.

ბაქრაძის აზრით, ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას და გარდაუვალად მიაქანებს საქართველოს რუსეთისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დამღუპველი სცენარია.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გაავლო გამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარესაც მარტო დარჩენილი მმართველი გუნდი და რუსული მომავლის საფრთხეა, ხოლო მეორე მხარეს ერთად უნდა ვიდგეთ ქართული საზოგადოება, ოპოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თითოეული ჩვენგანის ვალია, არ დავუშვათ ჩვენს მეგობრებთან დაპირისპირების და დასავლური კურსიდან გადახვევის შესაძლებლობა,“ – აღნიშნავს ბაქრაძე.

არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს: მამუკა ხაზარაძე

მისი თქმით, შექმნილ უმწვავეს ვითარებაში აუცილებელია, გაასმაგებული პასუხისმგებლობითა და გონიერებით ოპოზიციის მხრიდან მოქმედება.

„რა თქმა უნდა, ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ან ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება.

მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ არც ერთს და არც მეორეს,“ – მიიჩნევს დავით ბაქრაძე.

„ოცნების“ მთავარი ამოცანაა საერთაშორისო თანამეგობრობის მხოლოდ იმისთვის გამოყენება, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ: ნინო ბურჯანაძე

მისივე შეფასებით, ამ ვითარებაში, როგორც არასდროს, აუცილებელია ოპოზიციური ერთიანობა; აუცილებელია სრული თანხმობა ევროპელებთან და ამერიკელებთან, რათა მათ დაინახონ, რომ არასანდო და არადემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველოს ჰყავს სანდო და  პროდასავლური ოპოზიცია.

„ამიტომ, უმოკლეს ვადებში მექნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობებ საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე,“ – დასძენს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g