რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ხატია შამუგია, რომელმაც ისაუბრა ახალი წლის ტრადიციებზე და სახალისო ისტორიაც გაიხსენა.
როგორი იყო შენთვის 2020 წლის ბოლო და ახალი წლის დასაწყისი?
ტრადიცია ასეთი მაქვს, ახალ წელს მუდამ სახლში ვხვდებოდი და პირველის ნახევარზე გავრბოდი კონცერტის წასაყვანად, თუმცა წლევანდელი წელი გამონაკლისი აღმოჩნდა, ახალ წელს შევხვდი სახლში და დავრჩი სახლში. 22 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ახალი წლის ღამეს კონცერტი არ წამიყვანია. თუმცა, ვინ ჩივის კონცერტის არ წაყვანას, მთავარია ჯანმრთელი ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელი კოვიდის დამარცხების წელი იქნება. მინდა გითხრათ, რომ პირველად განვიცადე ახალი წლის იდილია სახლში. მოვასწარი და ყველა ტელეკომპანიის საახალწლო გადაცემას ვუყურე.
მოდი ახლა შენს ტრადიებზე გვესაუბრე…
აჩიკომ არ იცოდა ჩემი ცრურწმენები, უფრო სწორად, დავარქვათ ტრადიციები. ძალიან მაინტერესებს მეცნიერება, რომელსაც ჰქვია ასტროლოგია. თავიდანვე ვიღებ რეკომენდაციებს, დეკემბრის დასაწყისში უკვე ვურეკავ მიხეილ ცაგარელს და ვეკითხები, რა ფერის კაბა უნდა ჩავიცვა, როგორი საყურე უნდა მეკეთოს, რომელი ბეჭედი, თმა როგორ უნდა მქონდეს. წელსაც შევათანხმე ფერები. გავიგე სანთლის ფერები, რამდენი სანთელი უნდა მქონოდა სუფრაზე და ა.შ… სახლში განვაცხადე, რომ 12 საათზე გარეთ უნდა გავიდე, რადგან მეკვლე ვარ-მეთქი. პირველის ხუთ წუთზე უნდა შემოვსულიყავი. ვიცოდი, რომ ციფრი ხუთიანი იყო იღბლიანი, მანამდე ხუთი სანთელი ავანთე. ნიკუშა ეუბნებოდა აჩიკოს, გაანებე თავიო. შიგნიდან მეძახდნენ, შემოხვალო?..
მაგიდაზე მედო ბრინჯი და დღემდე მიდევს, სხვათა შორის… ყველაზე მაგარი იყო ის, რომ პირველ იანვარს აჩიკოს დედ-მამა და ძმა მესტუმრნენ. აჩიკოს მამა ეკითხება ჩემს დედამთილს, თეფშზე რატომ დევს ბრინჯი და ხუთი ცალი ლარიანი, რაიმე შესაწირიაო? აჩიკომ აუხსნა, რატომაც იდო სუფრაზე ეს ყველაფერი (იცინის).
რა საჩუქრები მიიღე სანტასგან?
ჩემი სანტა-აჩიკო საჩუქრებით ჩამოვიდა, რაც ქალბატონებს გვიყვარს ხოლმე, სწორედ ისეთი რაღაცეები მაჩუქა – სათვალე, ფეხსაცმელი, ჩანთა, ფაქტობრივად ახალ წელს მისი საჩუქრებით შემკული შევხვდი. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდმა ქუსლიან ფეხსაცმელს გადამაჩვია და ძალიან ვნერვიულობ, ძირითადად სპორტული ფეხსაცმლით მიწევს სიარული, თუმცა სახლში ქუსლიანებით დავდივარ, რომ არ გადავეჩვიო სიარულის მანერას. დღეში ერთ, ორი საათი ქუსლიანი ფეხსაცმლით დავბაკუნობ.
რა გეგმები გაქვს 2021 წელს?
დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი აჩიკოსთან და მეგობრებთან ერთად, მალე ერთი წელი გახდება, რაც ქვეყნიდან არ გავსულვარ. ძალინ ოპტიმისტურად ვუყურებ 2021 წელს, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, მჯერა, რომ ახალი წელი იქნება ჩემთვისაც და თქვენთვისაც სიახლეების და წარმატებების მომტანი. ჩემს კარიერაში გარკვეულ სიახლეებს ველოდები. როგორც წესი, ბნელს ნათელი მოჰყვება. ჩვენ ყველამ ბევრი რამ დავინახეთ, დავაფასეთ და გადავაფასეთ. პანდემიამ ბევრი რამ დააპაუზა და ახლა ერთიანი ძალით ამოქმედდება ყველაფერი.