LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი შვილი ჩააბარებს” – უნდა იყოს თუ არა წელს შეღავათები აბიტურიენტებისთვის: როგორ ტარდება გამოცდები

233
FORTUNA.GE (23)

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში დღეს 24 საგამოცდო ცენტრში დილის 9:00 საათზე დაიწყო, ერთი საათით ადრე კი აბიტურიენტებმა რეგისტრაცია გაიარეს. საგამოცდო ცენტრში შესვლამდე მათ დისტანცია დაიცვეს და თერმოსკრინინგიც გაიარეს.

ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების მიხედვით, ვისაც 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნებოდა, გამოცდაზე არ დაიშვებოდა, თუმცა მსგავსი შემთხვევა დედაქალაქში მდებარე 147-ე და 39-ე საჯარო სკოლებთან განთავსებულ ცენტრებში არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ სკოლებთან არც სხვა დარღვევას ჰქონია ადგილი. აბიტურიენტები დროულად გამოცხადნენ, არც ერთ მათგანს ცენტრში მისვლა არ დაუგვიანია. ყველა პირბადით გამოცხადდა.

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგაძემ “ფორტუნას” უთხრა, რომ ქვეყნის მასშტაბით, გამოცდების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღეს აბიტურიენტთა 93% გამოცხადდა, რაც მაღალი მაჩვენებელია. მისი განცხადებით, ცენტრებში ამ დროისათვის დაფიქსირებულია მხოლოდ ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი არ მივიდა. ასევე ორი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც აბიტურიენტს 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, შესაბამისად გამოცდაზე არ დაუშვიათ.

“საქართველოს მასშტაბით საგამოცდო ცენტრებში პროცესი სრულიად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აბიტურიენტებმა შენობაში შესვლამდე ჯერ დისტანცია დაიცვეს, შემდეგ თერმოსკრინინბგი გაიარეს და დაიმუშავეს ხელები. მათ წინასწარ ყველა პირობა იცოდნენ, თუმცა ჩვენმა თანამშრომლებმა მაინც გააცნეს წესები. დღეს ცენტრებში აბიტურიენტთა 93 პროცენტი გამოცხადდა. რეგისტრაციაზე არ გამოცხადების მაჩვენებელი მხოლოდ ორია. ასევე ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აბიტურიენტს 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, შესამაბისად მისი დაშვება გამოცდაზე არ მოხდა” – გვითხრა სოფიო გორგაძენ.

“ფორტუნა” დილიდან რამდენიმე საგამოცდო ცენტრში თვალს ადევნებდა მიმდინარე პროცესებს, სადაც საშუალება გვქონდა გავსაუბრებოდით აბიტურიენტთა მშობლებს, რომლებიც შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იცდიდნენ. ერთ-ერთმა მშობელმა ჩვენთან განმარტა, რომ საკუთარი შვილის განათლების ხარისხით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ გამოცდის ჩაბარება არ გაუჭირდება, თუმცა ფიქრობს, რომ პანდემიის პერიოდში ონლაინ გაკვეთილები სრულყოფილი არ ყოფილა. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მისი შვილის ცოდნას თითქმის არაფერი შემატებია, ეროვნულ გამოცდებზე კი ცალკე რეპეტიტორისგან მიღებული მომზადების იმედი აქვს.

“ერთადერთი შვილი მყავს და მისი განათლება ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თავადაც მონდომებულია იყო. ბოლო 3 წელია რეპეტიტორებთან დამყავდა. ზუსტად ვიცი ჩააბარებს და კარგ შედეგებს მივიღებთ. მაღალი ქულები უნდა ავიღოთ. დღეს დილით ძალიან ნერვიულობდა, არ იმჩნევდა, მაგრამ რა თქმა უნდა განიცდიდა. ვფიქრობ, იმას ნერვიულობდა ბოლო თვეების მასალიდან არ შეხვედროდა საკითხი. ამ პანდემიის პერიოდში რეპეტიტორიც გავაცდინეთ და ონლაინ გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის იმედი არ მაქვს. ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ, განათლების სამინისტრომ კი ვფიქრობ შეღავათი უნდა გაუწიოს წლევანდელ აბიტურიენტებს”, – აცხადებს “ფორტუნასთან” ერთ ერთი მშობელი.

გამოცდების დაწყებიდან 2 საათზე ნაკლებ დროში 39-ე საჯარო სკოლიდან პირველი აბიტურიენტი გამოვიდა, რომელმაც წერა პირველმა დაასრულა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, საგამოცდო ვერსიების პირველი ნაწილი შეხვდა და მარტივი პასუხგასაცემი კითხვები იყო.

“პირველი ვერსია შემხვდა. ძალიან მარტივი შეკითხვები იყო. “ვეფხისტყაოსნიდან” შემხვდა საკითხები. ალბათ, გამიმართლა. მაგიდებს შორის დისტანცია დაცულია, ბარიერიც არის დამონტაჟებული. როგორც კი მაგიდასთან დავსხედით, პირბადის მოხსნის უფლება მოგვცეს. მარტივი თემები შემხვდა და ადრე მოვრჩი გამოცდას. ნეტავი ყველა გამოცდაზე ასე გამიმართლოს”, – აცხადებს აბიტურიენტი.

საგამოცდო ცენტრებთან დილიდანვე მობილიზებული იყო როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. შენობის სრული პერიმეტრი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრულია და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გულშემატკივრების სოციალური დისტანციის დაცვას პოლიცია ცდილობს.

 

“ფორტუნას” საშუალება ჰქონდა შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა არსებულ სიტუაციასაც გაცნობოდა. ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში, რომელიც 147-ე საჯარო სკოლაშია განთავსებული, მშობლებისთვის და სხვა უცხო პირებისთვის შესვლა აკრძალულია. შენობის სრულ პერიმეტრს სახელმწიფო დაცვის პოლიცია იცავს. სკოლის შენობის ბოლოს სახანძრო და სასწრაფოს მანქანებია მობილიზებული. ჩვენთან საუბარში დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ რეგისტრაციის დაწყებიდან ამ დრომდე ადგილზე არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, დარბაზები, სადაც აბიტურიენტები გამოცდებს აბარებენ, შეესაბამება დადგენილ ნორმებს. ოთახებში განსაზღვრულია რაოდენობა, ერთ ჯგუფად ითვლება 10-მდე აბიტურიენტი. ოთახებში ფანჯრები ღიაა და ნიავდება. დაცვის თანამშრომლის განმარტებით, დღეს აბიტურიენტებს ყველა საჭირო პირობა აქვთ შექმნილი და რაიმე დარღვევას გამორიცხავს.

 

პოპულარულები